ახალი ამბები

სახალხო დამცველი: ლაფანყურის საქმეზე შესაძლოა შემაძრწუნებელი ფაქტები გამოიკვეთოს

1 აპრილი, 2013 • 1363
სახალხო დამცველი: ლაფანყურის საქმეზე შესაძლოა შემაძრწუნებელი ფაქტები გამოიკვეთოს

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოპოვებული ინფორმაცია განსხვავებულია ოფიციალურად გაჟღერებული ვერსიისგან, თითქოს ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფი საქართველოში კავკასიიდან შემოვიდა:


“ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია კონფიდენციალურმა წყაროებმა, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებმა. 120 ჩეჩნური წარმოშობის მოქალაქე საქართველოში ჩამოვიდა გასული წლის გაზაფხულზე, ეს ყველაფერი ხდებოდა ორგანიზებულად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მხრიდან, ხდებოდა თბილისში სპეციალურად მათთვის ბინების დაქირავება, ამ ჯგუფის აღჭურვა, მომზადება და მათი გამოყენება. ამ ადამიანების სურვილი იყო გადასულიყვნენ ჩეჩნეთში” – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა ანგარიშის წარდგენისას. მისი თქმით, საქართველოს ძალოვანი უწყებები ჩეჩენ მეომრებს ე.წ. “კორიდორს” ჰპირდებოდნენ.

უჩა ნანუაშვილის თქმით, ვაზიანის და შავნაბადას სამხედრო ბაზაზე ხდებოდა მათი წვრთნა, ხოლო შსს–ს მაღალი თანამდებობის პირები მათ უფორმებდნენ იარაღს და აძლევდნენ სხვადასხვა დოკუმენტაციას:

“მე მინდა გავახმოვანო ერთი ფაქტი ასლამ მარგოშვილზე, რომელიც იყო საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად ჩეჩენი და რომელიც დაიღუპა სპეცოპერაციის დროს, მასზე შსს–ს მიერ იყო გაცემული ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციის მოწმობა გასული წლის 23 ივლისს, სპეცოპერაციამდე ერთი თვით ადრე. ეს ფაქტი ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, ასევე ის, რომ მათ წვრთნაში მონაწილე ინსტრუქტორები ჩოხელი და წიკლაური ამ ადამიანებთან ერთად დაიღუპნენ”, – აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ კონფიდენციალური წყაროს ცნობით, ჩეჩენი მებრძოლების ჯგუფთან უშუალო კავშირი ჰქონდა შსს–ს მინისტრის მოადგილეს გია ლორთქიფანიძეს და შსს–ს მაღალჩინოსნებს- სანდრო ამირიძეს და ზურა მაისურაძეს.

სახალხო დამცველმა ყრუადღება გაამახვილა რამდენიმე ფაქტზე:


“ფაქტია ის, რომ ეს ადამიანები, ვინც გადარჩნენ სპეცოპერაციის შემდეგ, დღეს იმყოფებიან ახლო აღმოსავლეთის და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და ამაში მათი ახლობლების და ოჯახის წევრების ინფორმაციით მათ დახმარეა გაუწიეს შსს–ს მაღალჩინოსნებმა. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც სპეცოპერაციის შემდეგ გადარჩნენ.


რაც შეეხება გარდაცვლილებს, მოგეხსენებათ, სპეცოპერაციის დროს 11 ადამიანია გარდაცვლილი, ამ ადამიანების უმეტესობა იმყოფებოდა გლდანის ციხის ტერიტორიაზე. ოჯახის წევრებს მიცვალებულთა გვამები გადასცეს გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე. რატომ იყვნენ ეს ადამიანები გლდანის ციხეში, ეს კიდევ ერთი კითხვის ნიშანია”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. სახალხო დამცველი არ აკეთებს დასკვნებს, თუმცა მოითხოვს, რომ შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც ამ საქმეს უფრო დეტალურად შეისწავლის.

 

სპეცოპერაციას, რომელიც ლაფანყურელი ახალგაზრდების გათავისუფლების მოტივით საქართველოს ძალოვანმა უწყებებმა განახორციელეს, 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი