ახალი ამბები

კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა გააკეთოს მხარდამჭერი განცხადება წინასაარჩევნოდ

6 ივლისი, 2017 • 1815
კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა გააკეთოს მხარდამჭერი განცხადება წინასაარჩევნოდ

თბილისის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა შესაძლოა მხარდამჭერი განცხადება გააკეთოს.

“[წინა] თვითმმართველობის არჩევნებზე ბატონ ბიძინას არ წარუდგენია [მერობის კანდიდატი]. პრემიერმინისტრობის დროს წარადგინა. მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრი აღარ იყო, უკვე მონაწილეობა არ მიუღია წინასაარჩევნო პერიოდში. ის ჩვეულებრივი მხარდამჭერია, როგორც სპორტის წარმომადგენლები, როგორც ხელოვნების წარმომადგენლები, და შესაძლებელია მანაც თავისი აზრი დააფიქსიროს. ბატონი ბიძინა მხარდამჭერია ჩემი, გუნდის, რადგან ჩემი წარმატება, გუნდის წარმატება, პირდაპირ აისახება მინისტრთა კაბინეტის წარმატებაზე. ბიძინა ივანიშვილმა შეიძლება გააკეთოს განცხადებები მხარდაჭერასთან დაკავშირებით,” – ასე უპასუხა კახა კალაძემ ჩვენს შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის არმონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში მისთვის ხელის შემწყობი იქნება თუ ხელის შემშლელი.

დღეს, 6 ივნისს, კახა კალაძემ ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა დატოვა, რადგანაც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატად მონაწილეობს.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების ნაწილმა “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო კამპანიაში არ მიიღებს მონაწილეობას, როგორც ამას წინა არჩევნების დროს აკეთებდა.
ბიძინა ივანიშვილი აქტიურად მონაწილეობდა 2016 წლის საპარლამენტო არჩვენების წინა პერიოდში. მან დაწერა საჯარო წერილი. ასევე- საქათველოს რეგიონებში ჟურნალისტებსა და მოქალაქეებს ხვდებოდა, განცხადებებში აკრიტიკებდა არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს და ქართულ ოცნებას უჭერდა მხარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი