ახალი ამბები

კვირიკაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე: მზად ვართ, გავაგრძელოთ დიალოგი

6 ივლისი, 2017 • 1741
კვირიკაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე: მზად ვართ, გავაგრძელოთ დიალოგი

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის მიმდინარეობისას მზად არიან, რომ კიდევ მონახონ ზომები, სადაც შესაძლებელი იქნება “რაღაცებზე დამატებით შეთანხმება”.

ეს განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, 6 ივნისს, მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

მთავრობის მეთაური ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან გუშინდელ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს შეეხო.

ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს უცხადებენ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს, ვინაიდან მათთვის კატეგორიულად მიუღებელია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” მიერ გაკეთებული ჩანაწერი. მათ არც პირველი და მეორე მოსმენებით კენჭისყრაში მიირეს მონაწილეობა. ისინი საკონსტოტუციო ცვლილებების პროექტის პარლამენტიდან გამოთხოვას და პროცესის თავიდან დაწყებას მოითხოვენ.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ჯანი ბუკიკიომ დიალოგის გაგრძელებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნის გამო კმაყოფილება გამოხატა.

“მოგეხსენებათ, ეს პროცესი საკმაოდ მაღალი ჩართულობით მიმდინარეობდა. წინა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესისგან განსხვავებით, იყო ძალიან მნიშვნელოვანი საჯარო განხილვები, სადაც ყველა იყო ჩართული და ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, კიდევ გავაგრძელოთ დიალოგი, რათა მივიღოთ კონსტიტუცია, რომელიც ნამდვილად იქნება ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის ნების გამოხატულება. ეს არის მნიშვნელოვანი. შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, რამდენად არის მზადყოფნა პოლიტიკურ სპექტრში კონსენსუსის მიმართულებით. ჩვენ ჩვენი მხრიდან გადავდგით ძალიან დიდი ნაბიჯები, რომლებზეც დეტალურად აღარ ვისაუბრებ და მზად ვართ, კიდევ მოვნახოთ ზომები, სადაც შესაძლებელი იქნება რაღაცეებზე დამატებით შეთანხმება,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი