“იმედის საქმე ერთ–ერთია იმ საქმეთა შორის, სადაც პრეზიდენტის  ინფორმირებულობა ან შემხებლობა იკვეთება საგამოძიებო საქმეში  არსებული მონაცემებით; არსებობს სხვა საქმეც, სადაც ასევე მისი შემხებლობა იკვეთება,  შესაძლო დაკითხვის საჭიროება, მაგრამ ვინაიდან ეს თემა ჯერ არ გამოგვიტანია საზოგადოებისათვის გასაცნობად, რამეთუ კონდიცია, რომ გამოძიებით დადგენილად გამოვაცხადოთ, როგორც ეს იმედის საკითხთან ვთქვით, ამიტომ ამ თემის დაანონსებისგან თავს შევიკავებ, ამ დონეზე შემიძლია მერწმუნოთ, რომ არის ეს”– განაცხადა კბილაშვილმა 

 

მისივე თქმით, აღნიშნული ეპიზოდი არ არის საზოგადოებისთვის ცნობილი და იგი საკუთრების უფლებას უკავშირდება. 

 

გარდა ამისა, კბილაშვილმა განმარტა, რომ  საქართველოს კანონმდებლობა არ უშვებს გამონაკლისს არც ერთი პირის მიმართ, რომ პირი არ იქნას დაკითხული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით და ეს ეხება პრეზიდენტსაც და სხვა ჩვეულებრივ რიგით მოქალაქესაც. 

 

“რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, როდის დაკითხავენ, ან დაკითხავენ თუ არა პრეზიენტს, ეს უკვე გამოძიების გადასაწყვეტია და გამოძიება ამ საკითხს წყვეტს ორი კრიტერიუმის საფუძველზე. ერთი- თუ მას გააჩნია  საკმარისი მონაცემები, რომ პრეზიდენტი ინფორმირებულია გამოსაკვლევ ფაქტთან დაკავშირებით და მეორე- თუკი გამოძიება ჩათვლის, რომ მისი დაკითხვა მიზანშეწონილია.  ამას დისკრეცია ქვია სამართლებრივ ენაზე. მე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ წარმოებულ თუ ზედამხედველობით ნაწარმოებ გამოძიებებზე ნამდვილად მოიპოვება რამდენიმე ფაქტი, სადაც პრეზიდენტის ინფორმირებულობა თუ ცოდნა ამა თუ იმ გამოსაძიებ საკითხთან იკვეთება. პირველი საფუძველი არის, ხოლო რაც შეეხება მეორეს, ამის მიზანი, რადგან ეს ჩვენი მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მისაღები გადაწყვეტილებაა, ამის შესახებ ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება”– განაცხადა მთავარმა პროკურორმა. 

 

მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა  პრეზიდენტის დაკითხვასთან დაკავშირებით განცხადება პირველად გადაცემა “ღია ეთერში” სტუმრობისას გააკეთა და აღნიშნა, რომ შესაძლოა პრეზიდენტი იმედის საქმეზე დაიკითხოს. აღნიშნულ განცხადებას მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა და აღნშნა, რომ მთავარი პროკურორი მის დაკითხვაზე ჭორაობს. 

 

“რამდენიმე დღეა ვუყურებ გენერალურ პროკურორს, მთავარ პროკურორს, რომელიც ზის ტელევიზორში და ჭორაობს. ამას სხვა სიტყვა არ ჰქვია. რამდენჯერმე მოყვა, რომ პრეზიდენტი ჰყავს დასაკითხი. მაჩვენეთ მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყანა ერთი, სადაც პროკურორი ყოველდღე იჭორავებს, რომ პრეზიდენტი უნდა დაკითხოს. იმიტომ კი არა, რომ მე რამე მაქვს დასამალი. მაჩვენეთ ერთი ქვეყანა და ჩემს სიტყვებს უკან წავიღებ. მეც ვარ იურისტი და მეც რაღაც მინახავს. პრეზიდენტები მიდიან და მერე კითხავენ ხოლმე, ზოგს იჭერენ კიდეც, მაგრამ მოქმედ ინსტიტუტზეა საუბარი და თან აღარ ვლაპარაკობ, რა სისულელეებზე ლაპარაკობენ საერთოდ,”- განაცხადა სააკაშვილმა. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *