ახალი ამბები

რა უშლით ქალებს ხელს, რომ პოლიტიკაში ჩაერთონ? – საიას კვლევა

4 ივლისი, 2017 • 3480
რა უშლით ქალებს ხელს, რომ პოლიტიკაში ჩაერთონ? – საიას კვლევა

რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ უფრო მეტი ქალი ჩაერთოს პოლიტიკაში? – საიამ 2016 წლის არჩევნებში ქალთა მონაწილეობა შეაფასა და კვლევის საფუძველზე პარტიებსა და პარლამენტს რეკომენდაციები მისცა.

კვლევა კონფერენციის, სახელწოდებით “2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის” ფარგლებში წარმოადგინეს. ამ კვლევის ფარგლებში ავტორებმა კანონმდებლობა, ასევე, სხვადასხვა კვლევა გაანალიზეს და პოლიტიკური პარტიების წევრები გამოკითხეს.

2012 წლის პარლამენტში 18 ქალი იყო, 2016 წლის მოწვევის პარლამენტში მათი რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 24 გახდა.

“შედეგი, ცხადია, წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა კვლავ ძალიან შორს დგას თანასწორობის პრინციპისგან,”- ვითხულობთ კვლევაში.

 

პარტების ფინანსური წახალისება ეფექტურად არ მუშაობს

დღეს საქართველოში იმ პარტიებისთვის, ვინც  პროპორციული სიის ყოველ ათეულში დაიცავს სქესთა შორის ბალანსს და წარმოადგენს 30% განსხვავებულ სქესს, მოქმედებს წამახალისებელი ნორმა, რაც ითვალისწინებს დამატებით 30%-იან დაფინანსებას, თუმცა კანონით არ არის დარეგულირებული, ეს კანდიდატები ყოველი ათეულის თავში იქნებიან თუ ბოლოში.

საიას კვლევაშიც საუბარია იმის შესახებ, რომ შესაძლოა პოლიტიკურმა პარტიამ აიღოს ფინანსური დანამატი, თუმცა ვერ შეძლოს 30% ქალების შეყვანა პარლამენტში.

“ამის მაგალითი დაფიქსირდა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, როდესაც პოლიტიკურმა პარტიებმა
გაითვალისწინეს ფინანსური წამახალისებელი ნორმა, შედეგად, აიღეს გენდერული დანამატი, თუმცა ქალები 30%-იანი წარმომადგენლობით არ შეუყვანიათ საკრებულოებში. მიზეზი ის იყო, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა, გენდერული დანამატის მიღების მიზნით, სამი ქალი დაასახელეს ყოველ ათეულში, მაგრამ ეს ქალები აღმოჩნდნენ ათეულის ბოლო პოზიციებზე (მე-8, მე-9 და მე-10) და, შესაბამისად, ვერ მოხვდნენ გამსვლელთა სიებში,”- ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევის თანახმადვე, ბოლო ორმა საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ ის ფინანსურად ძლიერი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ძირითადად იმარჯვებენ არჩევნებში და შედიან პარლამენტში მაღალი მაგნიტუდით, არასოდეს იყენებენ წამახალისებელ ნორმას.

“ფინანსური წამახალისებელი ნორმა ქვეყანაში ეფექტურად არ მუშაობს,”- ამბობენ კვლევის ავტორები.

კონფერენცია "2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის"

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ხელს უშლის ქალების ჩართვას პოლიტიკაში

კვლევაში საუბარია, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ნაკლებად აძლევს საშუალებას ქალ პოლიტიკოსებს, რომ პარტიებმა მაჟორიტარ კანდიდატებად წარადგინონ. ამავე კვლევის თანახმად, ფინანსების უქონლობა ხელს უშლის ქალებს, ერთი მხრივ, მონაწილეობა მიიღონ, ხოლო, მეორე მხრივ, გამარჯვება მოიპოვონ მაჟორიტარულ არჩევნებში.

“თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია, განსაკუთრებით მაჟორიტარულ არჩევნებში, ცდილობს ისეთი კანდიდატის მოძიებას, რომელიც დამატებით ტვირთად არ დააწვება პარტიას და ფინანსურად თავად უზრუნველყოფს საკუთარ საარჩევნო კამპანიას. მაჟორიტარული სისტემის უარყოფით მხარესთან ერთად, პოლიტიკური პარტიის ასეთი დამოკიდებულება აბრკოლებს ქალებს, რომლებსაც არჩევნებში, განსაკუთრებით კი მაჟორიტარულ არჩევნებში, მონაწილეობის სურვილი აქვთ,”- ვკითხულობთ კვლევაში.

პარტიებს არ ესმით ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის არსი

კვლევის ავტორები წერენ, რომ პოლიტიკურ პარტიებში, განსაკუთრებით ქვედა დონეზე, არ ესმით ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის არსი.

“წინასაარჩევნოდ ქალების დანიშვნა ზონის და უბნის კოორდინატორებად, ამასთან, საარჩევნო კომისიებში მათი მაღალი პროცენტით წარმომადგენლობა, პარტიების ზოგიერთი წევრის მიერ ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობად აღიქმება. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა, თუმცა, როგორც ჩანს, პოლიტიკური პარტიები ამას თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ. ქალების საარჩევნო კოორდინატორებად დასაქმების პარალელურად, აცხადებენ, რომ ხელს უწყობენ ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას. სამწუხაროდ, ხშირად მოტყუებულნი რჩებიან თავად პოლიტიკური პარტიის წევრი ქალები, რომლებიც კოორდინატორად მუშაობას პოლიტიკურ მოღვაწეობად მიიჩნევენ,”- ვკითხულობთ კვლევაში.

კლვევაში ასევე წერია, რომ ქართულ პოლიტიკურ პარტიებში ქალთა საკითხების მიმართ დაბალი ინტერესია. კერძოდ, ავტორების განცხადებით,  კვლევის დროს გამოკითხულთა უმეტესობამ განაცხადა, რომ პარტიის ცენტრიდან თითქმის არ ხდება რეგიონში ქალთა პრობლემების მიმართულებით მუშაობის მოთხოვნა და არც ცენტრალურ დონეზე გამოირჩევიან პოლიტიკური პარტიები ქალთა საკითხების ლობირებით.

“მაგალითად, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან გენდერული კვოტის ადვოკატირების პროცესში არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ გამოუჩენია ინიციატივა, საკითხი თავის თავზე აეღო. ეს ნიშნავს, რომ პარტიისთვის ქალი ამომრჩეველი, როგორც ცალკე აღებული სეგმენტი, ნაკლებად მნიშვნელოვანია,”- წერენ კვლევის ავტორები.

კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემად კვლევის ავტორები ასახლებენ იმას, რომ პოლიტიკურ პარტიებში ხშირად თავად ქალები ამბობენ უარს მაღალ პოზიციებზე, ასევე, მაჟორიტარ კანდიდატებად ნომინირებაზე.

“ისინი ფიქრობენ, რომ ჯერ მზად არ არიან ამა თუ იმ პოზიციისთვის, ან აცხადებენ, რომ ჯერ არ ეკუთვნით აღნიშნული თანამდებობის დაკავება. ეს ისევ პოლიტიკური პარტიის პრობლემაა. მაშინ, როდესაც პოლიტიკურ პარტიას პრეტენზია აქვს ქვეყნის მართვაზე, მას მინიმუმ უნდა შეეძლოს ქალი კანდიდატების დარწმუნება და მომზადება მაღალი თანამდებობებისთვის. პოლიტიკური პარტიები არ ზრუნავენ პარტიის შიგნით დემოკრატიულ პროცესებზე, გენდერულ პოლიტიკაზე და ქალების მოტივაციაზე. საქართველოში, სამწუხაროდ, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ გააჩნია ქალი წევრების რეკრუტირების, მომზადებისა და დაწინაურების გამართული მექანიზმი. ეს კი პირდაპირპროპორციულად აისახება ქალების ჩართულობაზე
პოლიტიკაში”- კითხულობთ კვლევაში.

კონფერენცია "2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის"

საიას ხელმძღვანელმა, ანა ნაცვლიშვილმა ნეტგაზეთთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობაზე პრობლემის არსებობას ყველა პარტია აღიარებს, თუმცა ამ პრობლემას საკუთარ თავში ვერ ცერთი პარტია ვერ ხედავს:

“პარტიები პრობლემას აღიარებენ, მაგრამ თავის თავში ამ პრობლემას ვერ ხედავენ. პარტიებს არ აქვთ გენდერული პოლიტიკა. როგორც წესი, ქალები პირველ ათეულში იშვიათად ახერხებენ, რომ მოხვდენ. ასევე, საინტერესოა ის, რომ საკანომდებლო წახალისების ზომა, როდესაც გარკვეული თანხა ეძლევა პარტიას იმისთვის, რომ მეტი ქალი ჩასვან საარჩევნო სიაში, ეს თანხებიც არ ხმარდება ქალთა საკითხებს. ესეც აჩვენებს იმას, რომ საკანონმდებლო დონეზე განსხვავებული მიდგომებია საჭირო,”- ამბობს ნაცვლიშვილი.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალების ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში:

“განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პარლამენტი, არამედ, ადგილებზე არის ყოველთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ქალთა მონაწილეობა იმიტომ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციებიდან გამომდინარე, მათ ადილობრივი პრობლემები უნდა გადაჭრან, განსაკუთრებით, სოციალური საკითხებო, რომლებიც, როგორც წესი, ქალებს უფრო მძიმე ტვირთად აწვებათ, როდესაც არ არის მოწესრიგებიული, ვიდრე მამაკაცებს, მათი სოციალური როლიდან გამომდინარე და ასე შემდეგ. მართალია, ოფიციალურად კვოტების მექანიზმი არ გვაქვს, მაგრამ პარტიებმა სიების შედგენის დროს გაითვალისწინონ ეს საკითხი და რაც შეიძლება მეტ ქალას მისცენ შესაძლებლობა,”- ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი