საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი გია ქარცივაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ აპირებენ მორიგეობას კამერით, რომ არ მოვიდეს ვინმე და გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი კადრები არ გაანადგუროს. ქარცივაძე ამბობს, რომ ამ დროისათვის გორგასლის ქუჩაზე პოლიცია ინტენსიურად მოძრაობს.
საქმე ეხება დღეს დილით საიას თანამშრომელსა და აჭარის მთავარ სამმართველოს უფროსს ვალერიან თელიას შორის მომხდარ ინციდენტს. საიას ხელმძღვანელის კახა კოჟრიძის განცხადებით, ინციდენტის ამსახველი უტყუარი ვიდეომასალა განადგურდა, თუმცა არსებობს კადრები, თუ როგორ დატოვეს “ბათუმის სახლი” იმ პირებმა , ვინც ეს კადრები წაშალა.
საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი გია ქარცივაძე ამბობს, რომ დღის 3 საათიდან გენინსპექციას წარმომადგენლებს ელოდებიან, რათა “ბათუმის სახლში” დამონტაჟებულ ვიდეოკამერით გადაღებული კადრები ამოიღონ: ” ველოდებით უშედეგოდ. ის კადრები, რაც გაავრცელა შს სამინისტრომ, არის პსპ–ს აფთიაქის მეორე ქუჩიდან გადაღებული, ორჯერ უფრო შორს არის, ვიდრე ეს კადრები, რომლებიც აქ არის დაფიქსირებული. მაგრამ იმ კადრებშიც კარგად ჩანს, თუ რა განწყობა აქვს მთავარი სამმართველოს უფროსს. დღის სამი საათიდან ვურეკავთ და ვთხოვთ გენინსპექციის თანამშრომლებს, რომ მობრძანდნენ. სხვა საქმე გვაქვს და მოვალთო. ცოტა ხნის წინ თვითონ პოლიცია მოვიდა კადრების ამოსაღებად. ისევ იმას უნდა ამოეღო, ვიზეც ეჭვი გვაქვს, რომ მან წაშალა. ისინი შენობაში აღარ შევიდნენ. “
გია ქარცივაძე ამბობს, რომ “ბათუმის სახლის” მფლობელს უნდოდა კადრების მიცემა, მაგრამ მასთან სატელეფონო ზარი განხორცილედა და კადრების გადმოცემა გადაიფიქრა: ” სანამ ჩიპი მოვიტანეთ, როგორც ჩანს, მასთან ზარი განხორციელდა. დაკეტა ობიექტი და გარეთ გამოგვყარა. მას ის კადრები აქვს, როცა წაშალა ვიღაცამ ინციდენტის ჩანაწერი და გავიდა გარეთ, კამერა დარჩა ჩართული და გასვლის კადრებია დარჩენილი. ვიდეო წყდება და იწყება ახალი კადრები, როცა ვიღაცა გადის. ამ ობიექტის მეპატრონემ ჟურნალისტს უთხრა, რომ პოლიცია მოვიდა და მას შემდეგ ინციდენტის კადრებს ვეღარ ვპოულობთო. “