ნავთობისა და ბუნებრივი აირის საძიებო და მომპოვებელი დარგის განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა დღეს, 28 მარტს გაიმართა. შეხვედრას, რომელიც 2008 წელს დაარსებული კათალიკოს-პატრიარქის ფონდთან არსებული “ნავთობისა და გაზის” დროებითი კომისიის მიერ დაიგეგმა, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, “კანარგო ჯორჯიას”, შპს “ჯინდალ პეტროლიუმ ოფერეითინგ ქომფანისა” და სხვა კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“იმის მიუხედავად, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველო ბუნებრივი რესურსების მარაგით ვერ უტოლდება აზერბაიჯანსა და თურქმენეთს, სხვა ქვეყნებთან, მაგალითად, მოლდავეთთან და სომხეთთან შედარებით, ამ მხრივ, მდიდარია. შესაბამისად, ღრმად მცდარია მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოს ნავთობი და ბუნებრივი აირი არ აქვს,”- ამბობს სოსო ღუდუშაური, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენელი, გეოლოგი.
დღესდღეობით, ოფიციალური ინფორმაციით, წელიწადში საქართველოში დაახლოებით 50 000 ტონა ნავთობისა და 10 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მოპოვება ხდება.
ბუნებრივი აირისა და ნავთობის მოპოვება საქართველოში ჯერ კიდევ 30-იან წლებში დაიწყო. მას შემდეგ დღემდე 27 მილიონი ტონა ნავთობი და 2.5 მილიარდი კუბ.მ ბუნებრივი აირია მოპოვებული. საბადოები რამდენიმე ადგილას, თბილისისპირა რაიონებში, ძირითადად, სამგორში, თელეთსა და რუსთავში იყო. ამ წიაღისეულის მოპოვებამ პიკს 80-იან წლებში მიაღწია და 90 -იანების შემდეგ შემცირდა. მხოლოდ 1981-83 წლებში საქართველოში ნავთობის მოპოვება წელიწადში 3.3 მლნ. ტონას აღწევდა, გაზის კი – 180 მლრდ. კუბ.მ-ს.
მომდევნო წლებში წიაღისეულის შემცირების მიზეზად გეოლოგები საბადოების ბუნებრივ გამოფიტვას ასახელებენ.
ის, რომ 90 -იანი წლების შემდეგ ახალი საბადოების აღმოჩენა ქვეყანაში ვეღარ ხერხდებოდა, სპეციალისტები ქვეყანის ეკონომიკურ-ფინანსურ შესაძლებლობებს უკავშირებენ. სამგანზომილებიანი სეისმოძიება, ჭაბურღილების ბურღვა, ჰიდროგახლეჩვები და ა.შ.- ეს არის ის ძირითადი სამუშაოები, რომელიც დიდ ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს.
2000 წლის შემდეგ საქართველოში კერძო კონტრაქტორების შემოსვლის ხარჯზე საბადოების ძებნის სამუშაოები ისევ განახლდა. დღესდღეობით 20 კერძო კომპანიასთან ხელშეკრულებებია გამოფორმებული. ზოგიერთ მათგანთან 25- წლიანი ვადით, თუმცა ფინანსურმა პრობლემებმა კერძო ინვესტორების შემთხვევაშიც იჩინა თავი. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა შავი ზღვის შელფზე ნავთობწიაღისეულის მოპოვების დროს შეიქმნა.
“ამ მხრივ კერძო კომპანია კანარგომ დიდი მოცულობის სამუშაოები ჩაატარა სეიმოძიების. საქმე ბურღვამდე იყო მისული, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. 1400 მ სიღრმემდე გაბურღვა 100-150 მილიონი დოლარი ჯდებოდა. შესაბამისად, კომპანიამ ვერ გარისკა მარტო ჩაეტარებინა ეს სამუშაოები, ვინაიდან შედეგი წარმატებული შესაძლოა არც ყოფილიყო. ამიტომ პარტნიორის ძიება დაიწყო. ამასობაში ლიცენზიის ვადა გავიდა და შეჩერდა ეს სამუშაოები,”-ამბობს სოსო ღუდუშაური, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენელი.
სპეციალისტების აზრით, ძალისხმევა ორი ძირითადი მიმართულებით უნდა წარიმართოს – ადრე გამოვლენილ საბადოებზე მოხდეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და ახალი საბადოების აღმოსაჩენად ძებნა-ძიების სამუშოების ჩატარება.
საქართველოში დღეს 16 ძველი საბადო არსებობს, საიდანაც ამოსაღები მარაგი, რომელიც გეოლოგების მიერ საერთაშორისო სტანდარტებით არის დათვლილი, 160 მილიონ ტონაზე მეტია. თუმცა 2011 წელს ამ მარაგის მხოლოდ 0.3% -ია მოპოვებული.
გოგი ბერაია, კორპორაციის ექსპერტი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ 3-4 წელიწადში წიაღისეულის სრულფასოვანი ათვისება მოხდება, მილიონობით ტონა ნავთობის მოპოვების შესაძლებლობა გაჩნდება.
სახმელეთო საბადოების გარდა, სპეციალისტები შავი ზღვის შელფზე ნავთობწიაღისეულის მოპოვების პერსპექტივებზეც საუბრობენ. ჯერჯერობით შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის მხოლოდ საქართველოა, სადაც არ შესწავლილა შავი ზღვის შელფის საბადოები.
ნავთობისა და გაზის კორპორაციაში აცხადებენ, რომ სახელმწიფოს პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ქვეყანაში არსებული სიმდიდრის ათვისება ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით სავსებით შესაძლებელია უკვე უახლოეს წლებშიც, რაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფაში და მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების დონეს.
შემუშვებული რეკომენდაციების მიხედვით კი, საჭიროდ მიიჩნევენ ინვესტორების მოზიდვას, შავი ზღვის შელფზე მდებარე საძიებო ბლოკებზე ლიცენზიების გაცემას და უკვე შემდეგ სახლემწიფოს მხრიდან მუდმივ მონიტორინგს კერძო კომპანიების მიმართ.
როგორც ირკვევა, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ნაბიჯები ამ მხრივ უკვე გადაიდგა.
გიორგი ტატიშვილმა, ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსის მოადგილემ, რომელიც ასევე ესწრებოდა დღევანდელ შეხვედრას, განაცხადა, რომ სწორედ რამდენიმე დღის წინ მესამე მოსმენით გავიდა კანონპროექტი, რომლის შესაბამისად, 40 დღის ვადაში “ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო” ჩამოყალიბდება, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ამ სფეროს კურატორი გახდება.

