გამოძიების ცნობით, აღნიშნულმა კომპანიამ საფრანგეთიდან საქართველოში, სარფის საბაჟოს გავლით, 300 კილოგრამი დამაძინებელი ყაყაჩოს PAPAVER SOMNIFERUM L თესლი შემოიტანა, რომელსაც თან ერთვოდა საფრანგეთის მიერ გაცემული ორიგინალი ფიტოსანიტარული სერთიფიკატი, სადაც  მითითებული იყო აღნიშნული პროდუქციის  სახეობა.  

 

“ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნული ნივთიერება შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს- მორფინს და კოდეინს. საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა მისი  იმპორტის ნებართვა გასცეს, რის გამოც საბაჟო სამსახურის თანამშრომლების  პასუხისმგებლობის საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება”, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცადებაში.

 

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც იურიდიული პირისთვის სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას 100 000 ლარის ოდენობით, ასევე, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ან ლიკვიდაციას.

 

შპს „ICC GEORGIA” 2012 წლის თებერვალში დარეგისტრირდა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის 40%-იან წილს ფლობს რამაზ ლოდია, ხოლო 20-20%-ს ინაწილებენ – ზაზა ქასაშვილი, ლევან ფაცაცია, დავით ანთელიძე.

 

2012 წლის აპრილში ეს კომპანია კვების პროდუქტების მწარმოებელ/დისტრიბუტორ საწარმოდ დარეგისტრირდა. კომპანია იყო ფრანგული ფირმა DGF-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

 

გასული წლის ნოემბერში ამ კომპანიის ორგანიზებით “გუდვილში” მსოფლიო ჩემპიონმა საკონდიტრო ხელოვნებაში არნო გოტიემ რამდენიმედღიანი მასტერკლასი გამართა ქართველი კონდიტერებისთვის.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *