ახალი ამბები

“პირველმა სტერეომ” “მეცხრე არხი” გათიშა

28 მარტი, 2013 • • 1470
“პირველმა სტერეომ” “მეცხრე არხი” გათიშა

ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება “პირველმა სტერეომ”.

 

საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ რამდენიმე დღის წინ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება მუსიკალურ არხ “პირველი სტერეოს” მიერ კუთვნილ მეტრულ სიხშერეზე საერთო ლიცენზიის მქონე “მეცხრე არხის” ტრანსლირებასთან დაკავშირებით.

მეცხრე არხი
მეცხრე არხი

 

დღეს, 28 მარტს, კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განგვიცხადეს, რომ ადმინისტრაციული წარმოება ჯერ დასრულებული არ არის და მათ ამ საკითხთან დაკავშირებით ტელეარხებისთვის არანაირი გაფრთხილება ან რეკომენდაცია არ მიუციათ.

 

არსებული კანონმდებლობით, მუსიკალურ არხს უფლება არა აქვს, ეთერში საინფორმაციო გამოშვებები გაუშვას. ამ დროისათვის უცნობია, “მეცხრე არხმა” “პირველი სტერეოსგან” საეთერო დრო იყიდა, თუ მხოლოდ მისი სიხშირით სარგებლობდა რამდენიმე დღის განმავლობაში.

 

“მეცხრე არხის” დირექტორმა ლუბა ელიაშვილმა რამდენიმე დღის წინ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ “მეცხრე არხისა” და “პირველი სტერეოს” თანამშრომლობა კანონის სრული დაცვით ხდებოდა.

 

“მე არ მივიჩნევ საჭიროდ რამის განმარტებას. როცა ჩავთვლი საჭიროდ, მაშინ ჩემი ტელევიზიის ეთერით ვაცნობებ მაყურებელს დაფარვის ზონის გაფართოებასთან დაკავშირებით. ეს არის მიხეილ სააკაშვილის დროს მოგონილი კაბალური წესები, რომელიც ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვერგება. ყველაფერი აბსოლუტურად კანონიერია:ჩვენ გვაქვს მაუწყებლობის უფლება, “პირველ სტერეოს” აქვს ტრანსლირების უფლება,” – განაცხადა ლუბა ელიაშვილმა.

 

“პირველი სტერეოს” ხელმძღვანელობასთან დაკავშირება კი “ნეტგაზეთმა” ვერ შეძლო.

 

ტელეკომპანია “პირველი სტერეოს” 65% წილის მფლობელი 2011 წლის 30 დეკემბრამდე ყოფილი პარლამენტარ დავით ბეჟუაშვილის კუთვნილი “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” იყო, რომელმაც თავისი წილი დაუთმო ვასილ კობაიძეს. როგორც “პირველი სტერეოს” 22% წილის მფლობელი დავით ზილფიმიანი აცხადებს, რეალურად, კობაიძის უკან კვლავ ბეჟუაშვილის ინტერესები დგას.

მასალების გადაბეჭდვის წესი