ახალი ამბები

სოფლის მეურნეობის სექტორისთვის იაფი სესხების გაცემა იწყება

27 მარტი, 2013 • • 1087
სოფლის მეურნეობის სექტორისთვის იაფი  სესხების გაცემა იწყება

სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ სასტუმრო “თბილისი მარიოტში” სოფლებში შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციას ბანკების და საფინანსო ორგანოზაციების ხელმძღვანელები  ესწრებოდნენ. 

 

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი ბანკები:

 

“ბაზისბანკი”, ბანკი “კონსტანტნა”, ბანკი “რესპუბლიკა”, ბანკი “ქართუ”, “ვითიბი” ბანკი, “თიბისი” ბანკი, “კორსტანდარტ” ბანკი, “კრედო”, “კრისტალი”, “ლიბერთი ბანკი”, “პროკრედიტბანკი”, “საქართველოს ბანკი” და “ხალიკბანკი”. 

 

 

პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გაფორმდა მემორანდუმი სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და ბანკების ხელმძღვანელებს შორის. 

 

 

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდმა დააფინანსა, ხოლო სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს.

 

 

 

“მინდა,  მადლობა გადავუხადო მიკროსაფინანსო ინსტიტუტებს, რომლებიც ბოლო 3-4 თვის მანძილზე ინტენსიურად შრომობდნენ, რათა შეგვემუშავებინა ეს პროდუქტი, რომელსაც ჩვენ დღეს ვაცხადებთ. ეს არის ის გზა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა გაიარა, საქართველოში ეს კიდევ უფრო წარმატებული იქნება”, –  განაცხადა დავით კირვალიძემ.

 

პროექტის ფარგლებში სამი სხვადასხვა კომპონენტი განიხილება. ყველა ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მონაწილეობს ერთ ან რამდენიმე პროექტში. რაც შეეხება კომპონენტებს, პირველი კომპონენტი გამიზნულია მცირე ფერმერებისთვის. ეს არის სასაქონლო განვადება 5 ათას ლარამდე. მეორე კომპონენტი გათვალისწინებული არის 5 000-10 000 ლარამდე საშუალო და მსხვილი ფერმერებისათვის, საპროცენტო განაკვეთი 8% იქნება, ეს იქნება ორ წლამდე შეღავათიანი აგროკრედიტი. მესამე კომპონენტი გათვალისწინებულია სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის, იმ პირებისთვის, რომელთაც  აქვთ  სასოფლო-სამეურნეო საწარმოები. ისინი მიიღებენ 7 წლამდე შეღავათიან კრედიტს და საკრედიტო თანხა შეადგენს 1 მილიონამდე ლარს. შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთი არაუმეტეს 3% იქნება. აღნიშნული კომპონენტით გათვალისწინებულია მინიმუმ 60 საწარმოს გახსნა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი