ახალი ამბები

ეკოლოგია, პარკინგი, მშენებლობები – რას გეგმავს და რატომ ენდობა “ოცნება” კალაძეს

2 ივლისი, 2017 • 3239
ეკოლოგია, პარკინგი, მშენებლობები – რას გეგმავს და რატომ ენდობა “ოცნება” კალაძეს

პირველ ივლისს მთაწმინდში პარკში აქართველოს პრემიერ-მინისტრმა, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის მერობის კანდიდატად ვიცეპრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე წარადგინა. კანდიდატის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება პარტიამ ამავე დღეს გამართულ პოლიტსაბჭოზე მიიღო.

ოფიციალური წარდგენის ღონისძიება დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა. ის დაანონსებული 20:00 საათზე იყო, თუმცა პრემიერი და მერობის კანდიდატი ღონისძიებაზე გვიან გამოჩდნენ.

მათ გამოჩენამდე ღონისძიების ტერიტორიასთან ახლოს ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულებიც მოვიდნენ და მცირე აქცია გამართეს. ისინი კალაძესთან შეხვედრას, მიღებული ზარალის ანაზღაურებასა და ხანძრის გამოძიებას მოითხოვდნენ. მათთან პატრულის ოფიცრების გარდა არავინ მისულა.

ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულები, რომლებიც კალაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ 01.07.17 ფოტო: ნეტგაზეთი/ გუკი გიუნაშვილი

ბავშვთა სამყაროს ხანძრის შედეგად დაზარალებულები, რომლებიც კალაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ 01.07.17 ფოტო: ნეტგაზეთი/ გუკი გიუნაშვილი

გიორგი კვირიკაშვილმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა იმ დადებით თვისებებზე, რომლებიც კალაძეს გააჩნია და რაც მას თბილისის მერის პოზიციის დაკავების შემთხვევაში ქალაქის ისტორიაში საუკეთესო მერად აქცევს. ამავე დროს, პრემიერი დარწმუნებულია, რომ მისი პარტიის კანდიდატისათვის გამარჯვება რთული მოსაპოვებელი არ იქნება:

“კახი არის არა მხოლოდ ჩვენი პარტიის, არამედ ჩვენი საზოგადოების გამორჩეული წევრი. იქ, სადაც იყო კახი კალაძე, იქ ყოველთვის იყო გამარჯვება; იქ ყოველთვის იყო წარმატება და, მე დარწმუნებული ვარ, ასე იქნება მომავალშიც.

კახის ყველაზე კარგად ესმის რთულად, შრომით მოპოვებული გამარჯვების ფასი. მაგრამ მე ამჯერად დარმწუნებული ვარ, რომ ეს არ იქნება რთული გამარჯვება. ეს იქნება პატიოსან, სამართლიან ბრძოლაში ნამდვილი, ჭეშმარიტი გამარჯვება იმიტომ, რომ კახი ნამდვილად იმსახურებს ამ გამარჯვებას,” – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერი ასევე აცხადებს, რომ “თანამედროვე, საინტერესო მიდგომებით” კალაძე თითოეული თბილისელის ცხოვრებას მნიშვნელოვნად “დაატყობს თავის ხელს”.

მერობის კანდიდატმა კი ხაზი გაუსვა, რომ თბილისს ძირეული ცვლილებები სჭიდება და განაცხადა, რომ ძალიან მალე თითოეულ თბილისელს დეტალურად გააცნობს იმ პროექტებსა და მიზნებს, რის განხორციელებასაც გუნდი გეგმავს მომავალში.

გიორგი კვირიკაშვილი და კახი კალაძე 01.07.17 ფოტო: ნეტგაზეთი/ გუკი გიუნაშვილი

გიორგი კვირიკაშვილი და კახი კალაძე 01.07.17 ფოტო: ნეტგაზეთი/ გუკი გიუნაშვილი

მძიმე სოციალური ფონი და ეკოლოგია, ავტომობილების მოძრაობა, პარკინგი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ქაოტური მშენებლობების დარეგულირება, ძველი თბილისის რეაბილიტაცია-კონსერვაცია, მშენებლობების ხარისხი და უსაფრთხოების დაცვის სავალდებულო და აუცილებელი მოთხოვნა – ეს ის საკითხებია, რომლებზე მუშაობასაც კალაძე აპირებს. კამპანიის სლოგანი იქნება “ჩემი ოცნების თბილისი”.

„მოგმართავთ ამ ქალაქის ყველა მცხოვრებს – მოდით, ერთად მოვიპოვოთ ეს გამარჯვება. განსაკუთრებით მინდა მივმართო ახალგაზრდებს: მე თქვენი ძალა დავინახე 13 ივნისის სტიქიის შემდგომ დღეებში განსაკუთრებით. მე თქვენს ძალას ვხედავ თბილისურ ყოველდღიურობაში, იქნება ეს სხვადასხვა აქტივობები თუ უბრალოდ გართობა და დასვენება. გთხოვთ, აქტიურად ჩაებით ჩვენი დედაქალაქის ცხოვრების, სტილის, იერსახის, დაგეგმარების პროცესში. ეს რთულია, თუმცა ძალიან საინტერესოა, ზუსტად ახალგაზრდების ჟინის და აზარტის შესაფერისი საქმეა,” – განაცხადა ვიცეპრემიერმა.

მან ასევე მადლობა გადაუხადა თბილისის მერს, დავით ნარმანიას დღემდე ქალაქისთვის გაკეთებული მნიშვნელოვანი საქმეებისთვის.

“ჩვენი მიზანია, ქალაქი მოვარგოთ თითოეული თბილისელის ინტერესს, თბილისი ვაქციოთ თანამედროვე, ევროპული ტიპის ქალაქად, სადაც ხალხი იცხოვრებს უკეთეს გარემოში.

ჩვენი ოცნებების თბილისი იქნება ისეთი, როგორსაც ჩვენი ხელით შევქმნით: თანამედროვე, ჯანსაღი და მომავალზე ორიენტირებული დედაქალაქი და ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ. თბილისი გახდება წარმატებული ქალაქი. ჩვენი გამარჯვება თბილისის გამარჯვებაა,” – განაცხადა კახა კალაძემ.

ჯერ უცნობია, როდის წარადენს კალაძე თავის გეგმებს დეტალურად, ან ვინ შეცვლის მას ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, მინისტრები და პარტიის მხარდამჭერები. თუმცა წარდგენას არ დასწრებია თავად პარტიის დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.

უნდა აღინიშნოს, რომ ჟურნალისტებს საშუალება არ მოგვეცა, ვყოფილიყავით სცენასთან ახლოს, ან მოგვეპოვებინა ვრცელი კომენტარები. კვირიკაშვილმა და კალაძემ ღონისძიების დასრულების შემდეგ მხოლოდ რამდენიმე წუთი დაუთმეს მედიას და დატოვეს ტერიტორია ისევე, როგორც სხვა მინისტრებმა.

სამარშუტო ტაქსები, რომლითაც მხარდამჭერები მთაწმინდაზე მივიდნენ 01.07.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

სამარშუტო ტაქსები, რომლითაც მხარდამჭერები მთაწმინდაზე მივიდნენ 01.07.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

გადატვირთული მოძრაობა მთაწმინდის პარკისკენ მიმავალ გზაზე 01.07.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

გადატვირთული მოძრაობა მთაწმინდის პარკისკენ მიმავალ გზაზე 01.07.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

დაახლოებით საღამოს 19:00 საათიდან 23:00 საათამდე კი პარალიზებული იყო მთაწმინდის პარკთან მისასვლელი გზა. მთაწმინდისკენ ღონისძიებაზე დასასწრებად მიმავალი მანქანების ნაკადის გამო შეიქმნა საცობები და შეფერხდა მოძრაობა.

"ჩემი ოცნების თბილისი" - კალაძის წარდგენა მთაწმინდის პარკში 01.07.17 ფოტო: ნეტგაზზეთი/გუკი გიუნაშვილი

“ჩემი ოცნების თბილისი” – კალაძის წარდგენა მთაწმინდის პარკში 01.07.17 ფოტო: ნეტგაზზეთი/გუკი გიუნაშვილი

რატომ დაასახელა პარტიამ კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად და რატომ არიან “ქართულ ოცნებაში” დარწმუნებული, რომ მათი კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს?

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ამბობს, რომ “კახი კალაძე თავად არის წარმატების ფორმულა”.

“ის წარმატებული იყო ფეხბურთში, პოლიტიკაში, ენერგეტიკაში. რაც ყველაზე მთავარია – ის ყოველთვის იდგა სიმართლის მხარეს,” – აბობს სუბარი.

“ის იყო საუკეთესო ენერგეტიკის სფეროში, საუკეთესო ფეხბურთში. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისი მისი ხელმძღვანელობით გახდება კიდევ უფრო დინამიური და კიდევ უფრო წარმატებული ქალაქი. თითოეული მოქალაქისთვის საჭირო პროექტები განხორციელდება და ის შეძლებს, რომ თბილისს გაუწიოს არა მხოლოდ პოლიტიკური ხელმძღვანელობა, არა მხოლოდ კარგი მენჯმენტი, არამედ თბილისი განავითაროს როგორც ბრენდი,” – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ.

“საქართველოში ფეხბურთის ნიჭი არავის უკვირს, მაგრამ მან თავისი შრომით და თავისი შემართებით მოახერხა ის, რომ საქართველოს ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანია. როგორც მინისტრიც, იყო ძალიან წარმატებული. ყველაზე დიდი პროექტები განხორციელდა. ყველაზე დიდი ინვესტიციების ერთ-ერთი მიმართულება იყო ენერგეტიკა… ვფიქრობ, რომ ის ძალიან წარმატებული იქნება,” – ამბობს “ქართული ოცნების” წევრი, პარლამენტარი ზაზა ხუციშვილი.

“ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ როგორც იყო ის წარმატებული სპორტში, ენერგეტიკაში და ყველა სფეროში, სადაც ის იყო, ზოგადად, ისეთი წარმატებული იქნება თბილისის მერის თანამდებობაზე და თბილისი იქნება საერთოდ ახალი ბრენდი, თბილისს მოუტანს დიდ წარმატებას,” – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ.

სპეციალურად მოწყობილ ბანერზე მოქალაქეები სურვილებს ტოვებდნენ 01.07.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

სპეციალურად მოწყობილ ბანერზე მოქალაქეები სურვილებს ტოვებდნენ 01.07.17 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

კალაძესთან ერთად თბილისის მერობისათვის პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით ზალიკო უდუმაშვილი, “ევროპული საქართველოდან” კი ელენე ხოშტარია იბრძოლებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი