ახალი ამბები

“ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები შუალედური არჩევნებისთვის

27 მარტი, 2013 • 1402
“ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები შუალედური არჩევნებისთვის

თბილისში, ნაძალადევის ოლქში ყოფილი მმართველი პარტიის ეგიდით კენჭის იყრის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში მირზა (პაპუნა) დავითაია. 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების დროს აღნიშნულ ოლქში “ნაციონალების” კანდიდატი იყო  მერაბ სამადაშვილი, რომელიც დამარცხდა “ქართული ოცნების” კანდიდატთან, ამჟამინდელ იუსიტიციის მინისტრ  თეა წულუკიანთან.

 

სამტრედიაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ დასახელებულია სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ემზარ შუბლაძე. 1 ოქტომბრის არჩევნების დროს “ნაციონალების” კანდიდატი იყო მერაბ ჯანელიძე, რომელიც დამარცხდა “ოცნების” კანდიდატთან კახი კალაძესთან. ეს უკანასკნელი ამჟამად არის ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი.

 

რაც შეეხება ბაღდათის ოლქს, იქ “ნაციონალების” ეგიდით კენჭს იყრის ადგილობრივი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვლედიმერ (ხვიჩა) წიქორიძე. 1 ოქტომბრის არჩევნების დროს აღნიშნულ ოლქში ნაციონალების კანდიდატი თემურ კოხოძე დამარცხდა “ოცნების” კანდიდატ არჩილ კბილაშვილთან, რომელიც ამჟამად ქვეყნის მთავარი პროკურორია.

 

იმის გამო, რომ 1 ოქტომბრის არჩევნებში აღნიშნულ ოლქებში გამარჯვებული მაჟორიტარი კანდიდატები აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმდნენ, 27 აპრილს გაიმართება შუალედური არჩევნები. შუალედური არჩევნებისთვის “ქართული ოცნების” კანდიდატები დღეს წარადგინა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა: ნაძალადევში – თამარ კორძაია, ბაღდათში – პაატა კიკნაველიძე და სამტრედიაში – გიორგი კახიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი