ახალი ამბები

ხოშტარია: სითი პარკთან უგულავას დროს ხელშეკრულება არასწორი პირობებით დაიდო

30 ივნისი, 2017 • 4710
ხოშტარია: სითი პარკთან უგულავას დროს ხელშეკრულება არასწორი პირობებით დაიდო

თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მისი თანაგუნდელის, გიგი უგულავას პირობებში სითი პარკთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობები სწორი არ იყო. შეცდომების გააზრებისა და აღიარების, ასევე მისი გამოსწორების აუცილებლობაზე ხოშტარიამ ტვ პირველზე, ინგა გრიგოლიას რეაქციაში ისაუბრა.

გრიგოლიამ მას ჰკითხა, რატომ უნდა დაუჯეროს მოსახლეობამ, როცა ის უკვე იყო ხელისუფლებაში, რომელსაც ხალხმა 2012 წელს უთხრა უარი მმართველობის გაგრძელებაზე.

“ჩემი აზრით, 2012 წელს სამართლიანად გვითხრეს უარი. ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს ქვეყნის შენების გამოცდილება, მაგრამ ამაზე უფრო მთავარია ჩვენი უნარი, რომლითაც შეგვიძლია გავიაზროთ და ღიად ვისაუბროთ შეცდომებზე, კი არ დავმალოთ და ამაზე ლაპარაკს [თავზე] ნაცრის ყრა  დავარქვათ, არამედ გულწრფელად ვთქვათ: ეს შეცდომა არის გააზრებული და როგორ გამოსწორდება”, – განაცხადა ხოშტარიამ და სითი პარკთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზე გააკეთა კომენტარი. ამ ხელშეკრულებას აკრიტიკებს ენმ-ის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი.

“მაგალითად ავიღოთ სითი პარკი. ეს ნამდვილად არის არასწორად დადებული ხელშეკურლება გიგი უგულავას  დროს. რა თქმა უნდა, ჩვენი [შეცდომაა]. მე ამაყი ვარ იმით, რომ ჩემს გუნდს თავის შეცდომაზე შეუძლია ღიად თქვას და იფიქროს გამოსწორებაზე. მსჯელობა იმაზე, თუ რა იყო სწორი, რა – არა, კამათი იგივე გიგი უგულავასთან და სხვა წევრებთან, არის ჯანსაღი გარემო. ამიტომ მჯერა, რომ ადამიანები, რომლებიც ფიქრდებიან თავის შეცდომებზე, აქვთ პასუხისმგებლობა ანუ დეპრესიაში კი არ ვარდებიან ამისგან, არამედ ახალ ხედვას გთავაზობენ… არის ის გუნდი, რომელსაც ქვეყნის წინ წაყვანა შეუძლია.

სითი პარკთან ხელშეკრულება არასწორი პირობებით დაიდო, ამ ხელისუფლებამ არაფერი გამოასწორა, ისევე როგორც ბევრ სხვა სფეროში, მაგრამ დღეს მხოლოდ იმაზე ლაპარაკი, რომ სითი პარკი წარსულია და გავწყვიტოთ ხელშეკურლება, არ არის მომავლის შეთავაზება. როცა ვიტყვით, სითი პარკი აღარ იქნება და ქალაქის ამოცანას ვერ პასუხობსო, ხედვაც უნდა დავდოთ: როგორ გადავწყვეტთ პარკინგის პრობლემას. ხედვას თუ არ დავდებთ, გამოდის, რომ უბრალოდ ვიღაცისკენ ვიშვერთ ხელს ან იმას ვამბობთ, რაც ძალიან პოპულარულია”, – განაცხადა ხოშტარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი