მარეგულირებელში აცხადებენ, რომ ისინი შეისწავლიან აღნიშნულ საკითხს და დაადგენენ, რა სახის კანონდარღვევა ხდება აღნიშნული ფაქტით.

 

არსებული კანონმდებლობით, მუსიკალურ არხს უფლება არა აქვს ეთერში საინფორმაციო გამოშვებები გაუშვას. ამ დროისათვის უცნობია, “მეცხრე არხმა” “პირველი სტერეოსგან” საეთერო დრო იყიდა, თუ მხოლოდ მისი სიხშირით სარგებლობს.

 

ტელეკომპანია “პირველი სტერეოს” 22% წილის მფლობელი დავით ზილფიმიანი, რომელიც კომპანიის დირექტორის პოსტზე მიმდინარე წლის 22 თებერვალს აღადგინა სასამართლომ, “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში ამბობს, რომ მას არა აქვს ინფორმაცია, თუ რა შეთანხმება შედგა პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილ “მეცხრე არხსა” და “პირველი სტერეოს” ამჟამინდელ მფლობელს შორის. “პირველ სტერეოზე” “მეცხრე არხის” ტრანსლირება რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

 

“პირველი სტერეო ჯერ კიდევ ბეჟუაშვილის ხელშია და იმ არამზადამ რა პირობა დაუდო, დაურეკეთ და მათ კითხეთ.

მეცხრე არხი
მეცხრე არხი

მე არც კი მკითხეს ეს საკითხი. მათთვის[“მეცხრე არხისთვის”] მე ყველაფერი გავწირე, ყველაფერი წამართვეს, დამარბიეს და ჩემს ზურგს უკან ასეთი საქციელი ჩაიდინეს. სასამართლომ “პირველი სტერეოს” დირექტორის პოზიციაზე აღმადგინა, ეს გადაწყვეტილება მალე შევა ძალაში და მერე ვნახავ, რა პირობით უშვებს “პირველი სტერეო” მეხრე არხის სიგნალს ეთერში”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” “პირველი სტერეოს” ერთ–ერთმა მეწილემ დავით ზილფიმიანმა.

 

“ნეტგაზეთმა” ვერ მოახერხა დაკავშირება “პირველი სტერეოს” 65% წილის მფლობელთან ვასილ კობაიძესთან და ტელეარხის დირექტორთან ზვიად ამირიძესთან. “პირველი სტერეოს” პარტნიორთა კრებამ 2012 წლის მაისში დავით ზილფიმიანი გაათავისუფლა თანამდებობიდან და ტელეარხის დირექტორად დანიშნა ვასილ კობაიძე. 2013 წლის იანვარში კი კობაიძე ზვიად ამირიძემ ჩაანაცვლა. 

 

ჩვენ ასევე დავუკავშირდით ტელეკომპანია “მეხრე არხის” დირექტორ ლუბა ელიაშვილს, რომელმაც განგვიცხადა:

 

“მე არ მივიჩნევ საჭიროდ რამის განმარტებას. როცა ჩავთვლი საჭიროდ, მაშინ ჩემი ტელევიზიის ეთერით ვაცნობებ მაყურებელს დაფარვის ზონის გაფართოებასთან დაკავშირებით. ეს არის მიხეილ სააკაშვილის დროს მოგონილი კაბალური წესები, რომელიც ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვერგება. ყველაფერი აბსოლუტურად კანონიერია:ჩვენ გვაქვს მაუწყებლობის უფლება, “პირველ სტერეოს” აქვს ტრანსლირების უფლება”.

 

მეტრულ სიხშირეზე დაფარვის ზონის გაფართოებასთან დაკავშირებით “მეცხრე არხის” გვერდზე ფეისბუქში რადენიმე დღის წინ დაიწერა: “მეცხრე არხის“ მაუწყებლობა მეტრულ სიხშირეზე თბილისსა და რეგიონებში ეტაპობრივად აღდგება”.

 

საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2012  წლის სექტემბერში დავით ზილფიმიანის კუთვნილი “სტერეო +” რადიოსიხშირეების უკანონო გამოყენებისთვის 5 ათასი ლარით დააჯარიმა და “მეცხრე არხიც” გაათიშინა სიხშირიდან.

 

“მეცხრე არხის” იმდროინდელი დირექტორი კახა ბექაური და “სტერეო +”–ის დამფუძნებელი დავით ზილფიმიანი აღნიშნულს ხელისუფლების მიერ მათზე განხორციელებულ ზეწოლად აფასებდნენ, რადგან ბიძინა ივანიშვილი, რომლის ცოლი ეკატერინე ხვედელიძე “მეცხრე არხს” ფლობს, ჯერ კიდევ ოპოზიციის ლიდერი იყო.

 

ტელეკომპანია “პირველი სტერეოს” 65% წილის მფლობელი 2011 წლის 30 დეკემბრამდე დავით ბეჟუაშვილის კუთვნილი “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” იყო, რომელმაც თავისი წილი დაუთმო ვასილ კობაიძეს. როგორც დავით ზილფიმიანი აცხადებს, რეალურად, კობაიძის უკან კვლავ ბეჟუაშვილის ინტერესები დგას. 

 

მას შემდეგ, რაც დავით ზილფიმიანი “პირველი სტერეოს” დირექტორობიდან 2012 წლის მაისში გადააყენეს, მას დაუყადაღეს საკუთარი წილები როგორც “პირველ სტერეოში”, ისე “სტერეო პლიუსში”. ზილფიმიანი ღიად აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ უკანონობა ხორციელდებოდა “მე-9 არხთან” შესაძლო თანამშრომლობის გამო იმდროინდელ  პარლამენტარ დავით ბეჟუაშვილისა და იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის მეშვეობით. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *