ახალი ამბები

როგორ ჩავიდეთ 10 ლარად თბილისიდან ბათუმში მატარებლით

30 ივნისი, 2017 • 60481
როგორ ჩავიდეთ 10 ლარად თბილისიდან ბათუმში მატარებლით

თბილისი-ბათუმის მიმართულებით მგზავრობა საზღვაო სეზონის გამო გაძვირდა. ყველაზე იაფი მატარებლის ბილეთი 24 ლარი ღირს, პირველი კლასით მგზავრობა -60 ლარი, ხოლო ბიზნესკლასით – 99 ლარი.

თუ არსად გეჩქარებათ და თქვენთვის მგზავრობა  თავგადასავლებთან ასოცირდება, „ნეტგაზეთი“  გთავაზობთ იაფ გზას, თუ როგორ უნდა მოხვდეთ თბილისიდან ბათუმში 10 ლარად ან პირიქით, ბათუმიდან თბილისში.

თბილისიდან ბათუმში ჩასასვლელად 10 ლარი და მატარებლის ერთხელ შეცვლა დაგჭირდებათ.

ჩქაროსნული მატარებლები თბილისიდან ქუთაისის მიმართულებით ყოველდღე,  დილის 9 საათზე გადის. ბილეთის ღირებულება 8 ლარია. ქუთაისში მატარებელი 14:30 წუთზეა. ქუთაისი – ბათუმის მიმართულებით ე.წ. ელექტრიჩკა ყოველდღიურ რეისს საღამოს 17:00 საათზე ასრულებს. ორსაათიანი შუალედი, რომელიც ბათუმის მატარებლის გასვლამდე გაქვთ, შეგიძლიათ ქუთაისის დასათვალიერებლად და ქალაქის ისტორიულ ცენტრში ყავის დასალევად გამოიყენოთ.  მატარებელი, რომელიც ქუთაისიდან 17:00 საათზე გადის და ორი ლარი ღირს, ბათუმში 21:00 საათზეა.

რაც შეეხება  ბათუმიდან თბილისში  გამომგზავრებას, მარშრუტი ამ შემთხვევაშიც იგივეა.

ე.წ. ელექტრიჩკა ბათუმიდან ქუთაისის მიმართულებით ყოველდღე, დილის 08:25 წუთზე გადის. ქუთაისში დაახლოებით 12 საათისთვისაა. ზოგჯერ უფრო ადრეც.  მას შემდეგ რაც ბათუმიდან ელექტრიჩკით ქუთაისში ჩახვალთ, შეგიძლიათ ჩქაროსნული მატარებლის ბილეთი აიღოთ 8 ლარად. ქუთაისი-თბილისი ყოველდღე 12:15 წუთზე გადის ქუთაისის ცენტრალური რკინიგზის სადგურიდან. დაახლოებით 20 წუთი ჩერდება სადგურ „რიონში“, სადაც ოზურგეთიდან მომავალ მატარებელს ჩაებმება და 17:15 წუთზე უკვე თბილისშია.

ამ მარშრუტით მგზავრობისთვის თქვენ დაახლოებით 9 საათი და 10 ლარი დაგჭირდებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი