ახალი ამბები

ომბუდსმენი: საქართველოში მოქმედი მშენებლობის უსაფრთხოების წესები მხოლოდ რუსულ ენაზეა ხელმისაწვდომი

29 ივნისი, 2017 • 2526
ომბუდსმენი: საქართველოში მოქმედი მშენებლობის უსაფრთხოების წესები მხოლოდ რუსულ ენაზეა ხელმისაწვდომი

საქართველოს სახალხო დამცველი პრემიერ-მინისტრს მიმართავს რეკომენდაციით სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების მარეგულირებელი წესებისა და ნორმების რეგლამენტირებასთან დაკავშირებით.

ომბუდსმენის განხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულია და სამოქმედოდ დაშვებულია მშენებლობაში უსაფრთხოების ტექნიკის შემცველი სამშენებლო ნორმები და წესები (СНиП III-4-80), რომლებიც  მხოლოდ რუსულ ენაზეა ხელმისაწვდომი და რადგანაც განეკუთვნება ყოფილი საბჭოთა კავშირის აქტს, “საკანონმდებლო მაცნეში“ არ არის განთავსებული.

“საქართველოს კანონმდებლობაში მშენებლობაში უსაფრთხოების ტექნიკის (СНиП III-4-80) ქართულ ენაზე შესრულებული ოფიციალური ანალოგის არარსებობა საფუძველს უყრის მისი არაოფიციალური სახით გამოყენებასა და სახელმწიფო უწყებების მხრიდან არაერთგვაროვანი პრაქტიკის  დამკვიდრებას,”- აცხადებს სახალხი დამცველი.

მისივე განცხადებით, მშენებლობაში უსაფრთხოების ტექნიკის (СНиП III-4-80) რუსულ ენაზე მოქმედების გარდა, კიდევ ერთი პრობლემაა ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ასეთი აქტის არარსებობა.

“მშენებლობის უსაფრთხოების სფეროში მოქმედი ზემოხსენებული საკანონმდებლო ბადე ორაზროვანი, ბუნდოვანი და განუსაზღვრელი მასშტაბის ნორმებითა და წესებით ხასიათდება, რაც არღვევს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპსა და სამართლიანი სასამართლოს უფლებას,”- აცხადებს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველის განცხადებით, უნდა მოხდეს მშენებლობაში უსაფრთხოების ტექნიკის (СНиП III-4-80) ქართულ ენაზე შესრულებული ოფიციალური ანალოგის კანონქვემდებარე ნორმატიული  აქტის სახით მიღება და მშენებლობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ 2007 წლის 28 მარტის №62 დადგენილების ძალადაკარგულად  გამოცხადების შესახებ ნორმატიული აქტის მიღება.

მასალების გადაბეჭდვის წესი