ახალი ამბები

სექტემბერში ქართველი დეპუტატები იტალიელ კოლეგებს ფეხბურთს ეთამაშებიან

28 ივნისი, 2017 • 3674
სექტემბერში ქართველი დეპუტატები იტალიელ კოლეგებს ფეხბურთს ეთამაშებიან

სექტემბერში საქართველოს პარლამენტის წევრებით დაკომპლექტებული გუნდი იტალიის პარლამენტის გუნდს ეთამაშება. ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის სხდომაზე მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლიელბებზე ისაუბრა. მისი თქმით, კონსტიტუციაში სპორტის შესახებ ჩანაწერი ძალიან მნიშვნელოვანია. ამ კონტექსტში “ქართული ოცნების” წევრმა ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სექტემბერში საქართველოში იტალიის პარლამენტის წევრების საფეხბურთო გუნდი ჩამოვა:

“მიმდიანრე წელს საქართველოში ჩატარდა ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი რაგბში, ახლა ტარდება ცხრამეტწლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში, ასევე, ევროპის ჩემპიონატი ფარიკაობაში. ეს ტენდეცია გაგრძელდება. გამოწვევები გვაქვს. როგორც იცით, ნარკოპოლიტიკაზე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტია შემოსული და საზოგადოების და თქვენს გასაგონად მინდა ვთქვა, კოლეგებო, ჯანსაღი ცხოვრების წესს ალტერნატივა არ აქვს. მინდა მოგმართოთ, რომ ჩვენ თვითონ ჩავერთოთ ამ აქტივობებში. პოზიტიურად მინდა დავასრულო და ოპოზიციონერ კოლეგებს მინდა მოგმართოთ. სექტემბრის თვეში იტალიის პარლამენტის გუნდი აპირებს ჩამოსვლას და ჩვენთან შეხვედრას. ეს ჩვენი მხრიდან კარგი ნაბიჯი იქნება ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებისთვის,” – აღნიშნა ყაველაშვილმა.

მისივე განმარტებით, აქამდე პარლამენტის გუნდი ეთამაშა “ჯიპას” სტუდენტებს და სხვა სტუდენტებთანაც იგეგმება ასეთი შეხვედრები.

მასალების გადაბეჭდვის წესი