ახალი ამბები

თალაკვაძე: განვითარების ნაცვლად, რუსეთი აფხაზეთს სამხედრო რიტორიკას და იარაღის ჟღარუნს სთავაზობს

28 ივნისი, 2017 •
თალაკვაძე: განვითარების ნაცვლად, რუსეთი აფხაზეთს სამხედრო რიტორიკას და იარაღის ჟღარუნს სთავაზობს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მაშინ, როცა აფხაზეთს ეკონომიკური  და ინფრასტრუქტურული განვითარება სჭირდება, რუსეთი აფხაზეთს სამხედრო რიტორიკას და იარაღის ჟღარუნს სთავაზობს. ამის შესახებ მან პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აფხაზეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში ერთობლივი სამხედრო წრთვნები გაიმართება. არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს არის რუსეთის მორიგი არალეგიტიმური მოქმედება ჩვენს ტერიტორიაზე.

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საერთაშორისო პასუხი იყოს ერთიანი. რუსეთის მიერ იგნორირებულია ცივილიზებული  სამყაროს სამართლიანი მოთხოვნები და პოზიცია  ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. მაშინ, როცა აფხაზეთს ეკონომიკური  და ინფრასტრუქტურული განვითარება სჭირდება, როცა ახალი შესაძლებლობები სჭირდება, რუსეთი აფხაზეთში ჩვენს მოძმეებს სამხედრო რიტორიკას და იარაღის ჟღარუნს სთავაზობს.”

დეპუტატის თქმით, ამაზე საქართველოს პასუხი არის “საერთაშორისო აზრის, საერთაშორისო თანამეგობრობის კიდევ უფრო მეტი მობილიზება და ჩვენი ქვეყნის მხრიდან ეკონომიკური განვითარება, დემოკრატიის სტანდარტის გაუმჯობესება და ახალი შესაძლებლობების მიტანა ჩვენს აფხაზ ძმებთან.”

მასალების გადაბეჭდვის წესი