ახალი ამბებისამართალი

პოლიციის გაფრთხილებიდან რამდენიმე საათში ქალი მოკლეს – მსხვეპლი პარლამენტის წინააღმდეგ

28 ივნისი, 2017 •
პოლიციის გაფრთხილებიდან რამდენიმე საათში ქალი მოკლეს – მსხვეპლი პარლამენტის წინააღმდეგ

“სამჯერ გააფრთხილა პოლიციელმა მოძალადე. ბოლო გაფრთხილებიდან რამდენიმე საათში ქალი მოკლეს”, – ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლის ისტორია მოსარჩელის ინტერესების დამცველმა, თამარ ავალიანმა იმის საილუსტრაციოდ მოიყვანა, რომ ოჯახში ძალადობის დროს პოლიციელის გაფრთხილება არაფერს ცვლის, ხოლო შემაკავებელი ორდერის გამოცემა პოლიციელის ნებაზეა დამოკიდებული. გაფრთხილებაც და შემაკავებელი ორდერის გამოცემაც პოლიციელს შეუძლია.

ძალადობის დროს შემაკავებელი ორდერის გამოცემა  პოლიციელის კეთილსინდისიერებაზე რომ არ უნდა იყოს დამოკიდებული, ამას ძალადობის ერთ-ერთი მსხვერპლი ქალი ს.გ. ასაჩივრებს. სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.

შემაკავებელი ორდერი კანონით განსაზღვრული სამართლებრივი მექანიზმია, რომელიც სასამართლო კონტროლს ექვემდებარება და მისი დარღვევა იწვევს სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კანონით განსაზღვრული რეგულაცია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლს, სადაც წერია: „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან ღირსების შემლახავი მოპყრობა“.

სარჩელის სასამართლოში შეტანის შემდეგ, მიმდინარე წლის აპრილში, კანონმა “ოჯახში ძალადობის შესახებ” ძალა დაკარგა, რადგან ამოქმედდა ახალი კანონი.

“ამ კანონის მხოლოდ სათაურს დაემატა ქალთა მიმართ ძალადობა. შინაარსობრივად არაფერი შეცვლილა,” – დაამატა მოსარჩელის წარმომადგენელმა, თამარ ავალიანმა.

მოსამართლეებმა თამარ ავალიანს უთხრეს, რომ თუკი სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, გაუქმდება ისედაც ძალადაკარგული კანონი და არა ამჟამად მოქმედი, რადგან სარჩელის მოთხოვნას სასამართლო ვერ გასცდება.

“ფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია მაინც ამ საქმეზე გადაწყვეტილების მიღება?“ – იკითხა კოლეგიის თავმჯდომარე ლალი ფაფიაშვილმა.

„დიახ, რადგან პარლამენტს მაინც მოუწევს ამ რეგულაციის შეცვლა, რაც შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე მოქმედებს. ახალ კანონში იგივე წერია, რაც ძალადაკარგულში“, – უპასუხა მოსამართლეს თამარ ავალიანმა.

“ნორმა არ უნდა განვიხილოთ სხვა ნორმებისგან ამოგლეჯილად. ძალადობის დროს პოლიციელი ვალდებულია, მიიღოს კანონით განსაზღვრული ზომები,” – აღნიშნა პარლამენტის იურისტმა.

საკონსტიტუციო სასამართლო დღესვე უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის პოზიციას მოისმენს. ის მოუყვება მოსამართლეებს, პრაქტიკაში როგორ და რა შემთხვევებში გამოსცემენ პოლიციელები შემაკავებელ ორდერს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი