აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სოციალური დახმარების დანიშვნის პროცედურა რთულია და ის უნდა გამარტივდეს:

“გუშინ, გვიან ღამით, მე თვითონ ვიყავი ბათუმში, რეანიმაციულ განყოფილებაში ბოლოჯერ მოვინახულე გოგიტა. ერთი წლის ადამიანი შიმშილის გამო გარდაიცვალა. იმის გამო, რომ ოჯახს არ ჰქონდა საშუალება სრულფასოვნად ეკვება თავისი შვილი. 23 მარტი ჩემთვის არის საყოველთაო სირცხვილის დღე,”– განაცხადა  აქციის მონაწილე ლაშა მესხმა. 

აღნიშნულმა საინიციატივო ჯგუფმა გუშინ ქუთაისში საქველმოქმედო აქცია გამართა. ასევე შეიქმნა ანგარიში, რომელზეც ოჯახის დახმარების მსურველები თანხას რიცხავდნენ. სულ 1100 ლარი, სურსათი, ტკბილეული და სათამაშოები შეგროვდა. შეგროვებული თანხა და სურსათი ოჯახს გუშინვე გადაეცა. 

ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრში 23 მარტს,  გვიან ღამით, 2 საათსა და 5 წუთზე ერთი წლის გოგიტა აბაშიძე გარდაიცვალა. 

“ბავშვს იმხელა დეფიციტი ჰქონდა მასის, რომ 45%-ზე მეტი მასის დეფიციტი სიცოცხლესთან შეუთავსებელია. 4 კილო და 200 გრამი დაიბადა ბავშვი და ერთი წლის შემდეგ იგივე წონა ჰქონდა, უნდა ყოფილიყო 12 კილო. მასის დეფიციტის ფონზე განვითარდა ფილტვების ანთება, სისხლნაკლულობა, მიკროელემენტების, ცილების უკმარისობა და ინფექციამ უკვე თავისი ცუდი საქმე გააკეთა”– განუცხადა  “ნეტგაზეთს” ექიმმა არჩილ შერვაშიძემ. 

ინფორმაცია ერთი წლის გოგიტა აბაშიძის მძიმე მდგომარეობის შესახებ  21 მარტს  გავრცელდა. ერთი წლის ბავშვის შოკური მდგომარეობა შიმშილმა გამოიწვია. აბაშიძეების ხუთსულიან ოჯახს მატერიალურად უჭირს, თუმცა სოციალურად დაუველთა კატეგორიაში ვერ მოხვდნენ. 

გოგიტა აბაშიძე ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

აქცია ქუთაისში
აქცია ქუთაისში

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *