ახალი ამბები

პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი: თუ გავერთიანდებით, დავძლევთ შიმშილს

23 მარტი, 2013 • • 1650
პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი: თუ გავერთიანდებით, დავძლევთ შიმშილს

“მეგობრებო, გავრცელდა შემზარავი ინფორმაცია, რომ ერთი წლის ჩვილი შიმშილით გარდაიცვალა. ამ ერთ სამწუხარო ფაქტზე გავრცელდა ინფორმაცია, მაგრამ შიმშილის სტატისტიკა გაცილებით მასშტაბური და საგანგაშოა. პირადად ჩემი პასუხისმგებლობაა ამ ბავშვის სიკვდილში, ისევე როგორც, ჩვენ გვერდით მცხოვრები მშიერი ადამიანების შიმშილში. ვერც ერთი ხელისუფლება ვერც ერთ სახელმწიფოში ვერ წვდება იმ მძიმე სოციალურ გარემოს, რაც ჩვენს ქვეყანაშია, თუ საზოგადოების ძალისხმევა არ გაერთიანდა. თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა. ერთად უნდა დავგეგმოთ და დავიწყოთ ზრუნვა, რომ ჩვენ გვერდით არ იყვნენ მშიერი ბავშვები და მოხუცები. ღვთის წყალობით შევძლებთ ამას. გავხსნათ ჩვენი გულები და საფულეები იმათთვის, ვისი საფულეც არასოდეს ივსება. თუ საფულე ცარიელი გვაქვს – გული გავხსნათ და გზას გაგვინათებს. უახლოეს დღეებში კათოლიკოს-პატრიარქის ფონდში მოვიწვევთ გამოცდილ ადამიანებს, რომლებიც საქველმოქმედო აქციის ორგანიზებაში მოგვეხმარებიან. ბევრი მარტივად განსახორციელებელი იდეა არსებობს! თუ გავერთიანდებით, დავძლევთ შიმშილს. ჩვენს საზოგადოებაში მშიერი ადამიანების არსებობა – ჩვენი სისუსტეა! მათი დაპურება – ჩვენი ქრისტიანული მრწამსის და ღირსების საქმეა!”– ნათქვამია ჟვანიას განცხადებაში. 

 

23 მარტს, ღამის 2 საათზე, ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრში ერთი წლის გოგიტა აბაშიძე გარდაიცვალა. 

 

“ბავშვს იმხელა დეფიციტი ჰქონდა მასის, რომ 45%-ზე მეტი მასის დეფიციტი სიცოცხლესთან შეუთავსებელია. 4 კილო და 200 გრამი დაიბადა ბავშვი და ერთი წლის შემდეგ იგივე წონა ჰქონდა, უნდა ყოფილიყო 12 კილო. მასის დეფიციტის ფონზე განვითარდა ფილტვების ანთება, სისხლნაკლულობა, მიკროელემენტების, ცილების უკმარისობა და ინფექციამ უკვე თავისი ცუდი საქმე გააკეთა”– განუცხადა  “ნეტგაზეთს” ექიმმა არჩილ შერვაშიძემ. 

 

ინფორმაცია ერთი წლის გოგიტა აბაშიძის მძიმე მდგომარეობის შესახებ  21 მარტს  გავრცელდა. ერთი წლის ბავშვის შოკური მდგომარეობა შიმშილმა გამოიწვია. აბაშიძეების ხუთსულიან ოჯახს მატერიალურად უჭირს, თუმცა სოციალურად დაუველთა კატეგორიაში ვერ მოხვდნენ. 

 

გოგიტა აბაშიძე ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი