ახალი ამბები

იზოლატორებში დაზიანებებით მოხვედრილი ადამიანების რაოდენობა გაიზარდა – ომბუდსმენის ანგარში

26 ივნისი, 2017 •
იზოლატორებში დაზიანებებით მოხვედრილი ადამიანების რაოდენობა გაიზარდა – ომბუდსმენის ანგარში

2015 წელთან შედარებით გაზრდილია იმ ადამიანების ოდენობა, ვინც სხვადასხვა სახის დაზიანებებით შეასახლეს დროებითი მოთავსების იზოლატორებში – ამის შესახებ სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშში არის საუბარი.

ანგარიშში, რომელიც დღეს, 24 ივნისს წარადგინეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანოებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას მთელი თავი ეთმობა. დაკავების შემდეგ პირების უფლებრივ მდგომარეობას ომბუდსმენის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, ნიკოლოზ კვარაცხელია ყველაზე პრობლემურ მიმართულებად” აფასებს.

როგორც სტატისტიკა აჩვენებს, 2016 წელს გაზრდილია იმ დაკავებულთა რაოდენობა, რომლებიც დაზიანებით მოხვდნენ დროებით მოთავსების იზოლატორში. ნიკოლოზ კვარაცხელიამ პრეზენტაციისას განაცხადა, რომ გაზრდილია მათ მიერ დაწერილი საჩივრების რაოდენობაც.

რაც შეეხება რეგიონებს, ნიკოლოზ კვარაცხელიას თქმით, ამ კუთხით წინა წლებთან შედარებით გაუარესებულია მდგომარეობა კახეთში, ასევე, პრობლემურად რჩება იმერეთის, რაჭა-ლეხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონები.

კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც პრევენციის ეროვნული მექანიზმი ყურადღებას ამახვილებს, არის პოლიციის ავტომობილში, ან პოლიციის შენობაში “გასაუბრებების” მანკიერი პრაქტიკა.

“პირი აბსოლუტურად დაუცელია, როდესაც მას გამოიძახებენ და სამმართველოში ან უბრალოდ, პოლიციის ავტომობილში, ან სხვა, ნებისმიერ სიტუაციაში ესაუბრებიან, ხდება გარკვეული ინფორმაციის ამოღება, ჩვენ არ ვიცით, რა ხდება რეალურად. ეს ძირითადად ხდება იმ პირების მიმართ, ვინც პენიტენციური დაწესებულებები დატოვეს, ან ნასამართლევი არიან წარსულში… პირმა არ იცის, რატომ არის ეს კომუნიკაცია, რა დგება ამის შემდეგ. შემდეგ საიდუმლო გრიფით ხდება მონაცემთა დამუშავება, პირი ამ შემთხვევაში არის სრულად დაუცველი. იმის მტკიცებაც კი, რომ პირთან ჰქონდა საუბარი კონკრეტულ პოლიციის თანამშრომელს, ესეც კი პრობლემურია,”- განაცხადა ნოკოლოზ კვარაცხელიამ ანგარიშის პრეზენტაციისას.

ნიკოლოზ კვარაცხელია. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი

კვარაცხელიამ ანგარიშის პრეზენტაციაზე ისაუბრა იმის შესახებაც, რომ დაკავებულებს ხშირად, ერთი ან ორი დღის განმავლობაში არ მიუწვდებათ ხელი ადვოკატზე და ამ პერიოდში ისინი სრულიად დაუცველი არიან.

“როგორც წესი, ადვოკატი საქმეში მოგვიანებით ერთვება, 1-2 დღის შემდეგ, ანუ გამოდის, რომ პოლიციის ხელში პირი, ხშირ შემთხვევაში, დაუცველია, მას ადვოკატი არ ჰყავს. ფოკუსჯგუფები აჩვენებს, ადვოკატებისგან მოგვისმენია, რომ მათ ან ადგილსამყოფელის შესახებ ვერ მიიღეს ინფორმაცია, შესაბამისად, ვერ ნახეს დაცვის ქვეშ მყოფი პირი, ან გაჭიანურდა ეს პროცესი,”- განაცხადა ნიკოლოზ კვარაცხელიამ.

მისივე თქმით, პროცესი, სანამ იზოლატორში შესახლება მოხდება, არის ყველაზე კრიტიკული, რადგანაც ამ დროს ხდება ხდება “ბევრი საკითხის “გადაწყვეტა”.

“დღეს მთავარი პრობლემა და სიმძიმის ცენტრი გადადის არა პენიტენციურ დაწესებულებებზე, არამედ ძალოვნებზე,”- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ.

მისივე თქმით, არასათანადო მოპყრობა პრობლემად აღარ რჩება იმდენად პენიტენციურ დაწესებულებებში, რამდენადაც – პოლიციაში.

“ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მხრიდან გვაქვს უფრო მეტი ფაქტი არასათანადო მოპყრობის, რომელსაც, როგორც წესი, არ მოჰყვება ეფექტური და სწრაფი გამოძიება. როდესაც ამ ტიპის ფაქტები არ არის გამოძიებული და რჩება დაუსჯელი, ეს არის პრდაპირი სახელმწიფო ინსტიტუტებიდან პოლიციისთვის პირდაპირ გაგზავნილი მესიჯი, რომ აქვთ ასეთი თვითნებობის და ძალადობის ჩადენის უფლება,”- განაცხადა ნაცვლშვილმა.

როგორც ომბუდსმენმა, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სამართალდამცავების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე. ისინი უკვე წლებია, ხელისუფლებას მოუწოდებენ, მსგავსი მექანიზმი შექმნან.

“ჩვენ როცა ჩავდივართ დანაშაულს, იძიებს პოლიცია, მაგრამ  როდესაც პოლიცია ჩადის დანაშაულს, ამისთვის არ არსებობს პოლიცია ქვეყანაში. როდესაც პოლიცია ჩადის წამებას, არასათანადო მოპყრობას ან სხვა დანაშაულს, რომელიც დაკავშირებულია ნარკოტიკის ან იარაღის ჩადებასთან, ამის გამომძიებელი ქვეყანაში არავინ არ არის,”- განაცხადა “ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს” წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი