“ინფრასტრუქტურის შესწავლა კომისიამ დაასრულა. კომისიის დასკვნა გადაეცა ფინანსთა სამინისტროს, გავაცანით პრემიერ–მინისტრს და აუცილებელია, პრემიერ–მინისტრიც ასე ფიქრობს, რომ გამოიყოს დამატებითი თანხები, ის, რაც ბიუჯეტში არ არის გათვლილი, რომ დავიწყოთ პრიორიტეტულად ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რომ ყველა სამხედროს ჰქონდეს შესაბამისი ადგილი, სადაც ღირსეულად ჩაატარებს წვრთნას, ღამით დაიძინებს, ექნება შესაძლებლობა კარგი კვების სუფთა გარემოში და ა.შ. მე გუშინაც ხონის სააარტილერიო ბრიგადა მოვინახულე, შემდეგ კვირაში ვგეგმავ დარჩენილი ბაზების მონახულებას დასავლეთ საქართველოში, ჩვენ გავაუმჯობესებთ ინფრასტრუქტურას უკვე წელსვე”, – განაცხადა ალასანიამ.
თავდაცვის მინისტრის თქმით, უახლოეს მომავალში შემცირდება როგორც გასაწვევი ვადა, ასევე წვევამდელთა რაოდენობა, თუმცა ჯარის შევსების პრობლემა სამინისტროს არ ექნება:
“გასაწვევი ვადა უკვე წარდგენილია და შემცირდება 15–დან 12 თვემდე და შემცირდება ასევე გაწვეულ წვევამდელთა რაოდენობა. ჩვენ გვეყოლება სამი ტიპის რეზერვი, ეს იქნება საბრძოლო რეზერვი, ტერიტორიული რეზერვი და სამოქალაქო რეზერვი. მე სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც რეკრუტირება გამოცხადდა თვენახევრის წინ, უკვე 4 ათასზე მეტი მსურველი მოვიდა. საქართველოში ჯარში პროფესიულად მოსამსახურეთა რიცხვი იზრდება, ამიტომაც არის ჯარი და თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო უწყებები და ყველაზე მაღალი ნდობის მატარებელი. ასე რომ, ნაკლებობა ჯარის შევსების ნამდვილად არ იქნება და ეს მიუღებელი არგუმენტია ჩემთვის. გარდა ამისა, ყველა მოქალაქეს არ აქვს შესაძლებლობა, სურვილი, მოწოდება, რომ იყოს სამხედრო, ამიტომ ჩვენ ძალით ჯარში არავინ არ უნდა წავიყვანოთ, მათ ექნებათ შესაძლებლობა ქვეყანას გამოადგნენ თავისი პროფესიით და თუნდაც სოციალური აქტიურობით. ჩემი ამოცანა არის, რომ შეიქმნას პროფესიული არმია 2017 წლისთვის, ამას წარმატებით განვახორციელებთ”, – განაცხადა ალასანიამ.
