ომბუდსმენის ოფისის მიერ დღეს, 22 მარტს გავრცელებული განცხადების მიხედვით, 2013 წლის 15 მარტს სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ და გაესაუბრნენ შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის სამმართველოს ქ.თბილისისა და მცხეთა- მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ ოთხივე ბრალდებულს.

 

ბექა ხოფერიას განმარტებით, 2013 წლის 13 მარტს, საღამოს იმყოფებოდა თავის მეგობრებთან -დავით ეჯიბიასთან, გიგა იობაშვილთან და ერასტი საბანაძესთან ერთად.  მისი თქმით, 14 მარტს, დაახლოებით 00 საათსა და 15 წუთზე, დავით ეჯიბიასთან ერთად ეზოში ჩასვლისას დაინახა, რომ ოთხი პიროვნება საუბრობდა. იგი თავის მეგობართან ერთად მივიდა და ჰკითხა, რა ხდებოდა. ბრალდებულის გადმოცემით,  სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ერთ-ერთი პირი ამ დროს უკან გაიწია, ამოიღო იარაღი და ჰაერში გაისროლა ორჯერ, ხოლო მეორე პირი კი მათ უმიზნებდა იარაღს. ბექა ხოფერიას  თქმით, მისთვის უცნობი იყო, რომ ეს პირები პოლიციის თანამშრომლები იყვნენ, რის გამოც უთხრა: ,,თუ ვინმეს უნდა ესროლო, მე მესროლეო“. მისი გადმოცემით, ამ დროს მას უთხრეს, რომ უცნობი პირები პოლიციელები იყვნენ, რამაც იგი გააღიზიანა და უთხრა, თუ ყველაფერი ისევ ძველებურად არის და ასე თავს ესხმიან ქუჩაში ხალხს, ესროლათ მისთვის, ისევე, როგორც ესროლეს ვაზაგაშვილს. ბექა ხოფერიას  გადმოცემით, ამ დროს მოვიდნენ ოპერატიული სამსახურისა  და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

 

როგორც ხოფერიამ ომბუდსმენის წარმომადგენლებს განუცხადა, დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლები მათ აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მისი თქმით, დაკავებისას მას ზურგს უკან დააწყობინეს ხელები და ხელბორკილები უხეშად დაადეს და ჩასვეს ავტომანქანაში. ამის შემდგომ მასთან მივიდა  პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაზეც ხოფერიამ უპასუხა: ,,რას იგინები შე უზრდელოო“. ამ სიტყვების შემდგომ, ბრალდებულის განმარტებით, პოლიციელმა მას ორჯერ ჩაარტყა მუშტი სახის არეში, დაკავებულს ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი. მისი თქმით, მეორე პოლიციის თანამშრომელმაც, რომელიც მანქანაში  იჯდა, კიდევ ორჯერ ჩაარტყა სახეში ხელი. ბრალდებულის გადმოცემით, პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდგომ მას ერთ-ერთმა პოლიციელმა ჩამობანა სახე წყლით, ხოლო ხელბორკილები 4 საათის განმავლობაში არ მოხსნეს და განუმარტეს, რომ გასაღებს ვერ პოულობდნენ.  

 

როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველის რწმუნებულებთან გასაუბრებისას ბექა ხოფერიას  მარცხენა თვალბუდის არეში და ცხვირზე აღენიშნებოდა სისხლჩაქცევა. ორივე მაჯის არეში – მცირე ზომის სიწითლეები და მარჯვენა ზედა კიდურზე – სისხლჩაქცევები.

 

დროებითი მოთავსების იზოლატორის დაკავებული პირის გარეგნული დათვალიერების ოქმის თანახმად, ბექა ხოფერიას  მარჯვენა თვალის არეში, ცხვირზე, მარჯვენა მხარზე და მარჯვენა ზედა კიდურზე აღენიშნება სისხლნაჟღენთები მოლურჯო- მოწითალო ფერის. ამავე ოქმის თანახმად, აღნიშნული დაზიანებები ბექა ხოფერიამ მიიღო დაკავების შემდეგ.

 

დავით ეჯიბიას გადმოცემით, პოლიციის თანამშრომლებმა მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა ომბუდსმენის რწმუნებულებისთვის დეტალური ახსნა-განმარტების მიცემისგან ამ ეტაპზე თავი  შეიკავა. დროებითი მოთავსების იზოლატორის დაკავებული პირის გარეგნული დათვალიერების ოქმის თანახმად, მას აღენიშნება დიდი ზომის სისხლნაჟღენთი თვალისა და თვალბუდის არეში, ცხვირზე – მოწითალო იასამნისფერი შეფერილობის სისხლნაჟღენთი, სახეზე და ოთხივე კიდურზე – ექსკორიაციები.

 

როგორც ერასტი საბანიძემ ომბუდსმენის წარმომადგენლებს განუცხადა, მასზე ფიზიკურ ზეწოლა არ განხორციელებულა, თუმცა პოლიციის თანამშრომები აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მისი გადმოცემით, ნარკოლოგიურ განყოფილებაში ნახა ბექა ხოფერიას და დავით ეჯიბიას დაზიანებები. მისი თქმით, გიგა იობაშვილს შემოხეული ჰქონდა პერანგი.

 

გიგა იობაშვილის თქმით, არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია პოლიციის თანამშრომებისთვის. დაკავებისას მას კეფის არეში ჩაარტყა პოლიციის ერთერთმა თანამშრომელმა, რის გამოც თავი დაარტყა ავტომანქანის კაპოტს. ბრალდებულის გადმოცემით, პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდგომ, 02 საათიდან 07 საათამდე, პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს უფლება, შესულიყო საპირფარეშოში ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებად და განუმარტეს, რომ ამის მიზეზი იყო მისთვის დილით ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების აუცილებლობა. მისი გადმოცემით, ასევე არ მიეცა საშუალება, დაკავშირებოდა ოჯახის წევრებს. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიციის თანამშრომლებმა მას განუმარტეს, რომ იგი ტელეფონით სარგებლობას შეძლებდა დროებითი მოთავსების იზოლატორში.

 
ოფიციალური ბრალდების თანახმად, 2013 წლის 14 მარტს, დაახლოებით 01:00 საათზე, თბილისში მიხეილ თამარაშვილის ქუჩა N 13-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულებმა ჯგუფურად, ძალადობის გამოყენებით, პოლიციის ორ თანამშრომელს მათ მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
 
 
16 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულების- ბექარ ხოფერიას, გიგა იობაშვილის, ერასტი საბანაძისა და დავით ეჯიბიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე და სამ მათგანს შეუფარდა გირაო საპატიმრო უზურნველყოფით 7000 ლარის ოდენობით, ხოლო  ეჯიბიას მიმართ გამოყენებულ იქნა პატიმრობა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *