საქართველოს პროკურატურის ცნობით, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სამ პოლიციელს ბრალი წარუდგინა. სამივე მათგანს ამჟამად გირაო აქვს შეფარდებული და დათხოვნილი არიან თანამდებობიდან.
საქმე 2017 წლის 14 ივნისს, იუმორისტ დავით როსტომაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულის გაქცევას ეხება:
“დ.რ.-ზე ყაჩაღობის მიზნით განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ბრალდებულის სახით დააკავეს ბ. კ., რომლის დროებითი მოთავსების იზოლატორში ბადრაგირება დაევალათ ამავე განყოფილების თანამშრომლებს – ზ. გ.-ს, ი. ქ.-სა და ა. ტ.-ს.
შსს ქ. თბილისის პოლიციიის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ყოფნისას, სადაც ასევე მდებარეობს დროებითი მოთავსების იზოლატორი, დასახელებული თანამშრომლები დაუდევრად მოეკიდნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, რითაც ისარგებლა დაკავებულმა და ტერიტორიიდან მიიმალა,”- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურის ცნობით, 23 ივნისს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ბრალდებულ პოლიციელებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდათ გირაო და გადაყენებული იქნენ დაკავებული თანამდებობიდან.
იწყების განცხადებითვე, საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.