“დღეს ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არასოდეს დავნებდებით შანტაჟს და ზეწოლას. ასევე დავამტკიცეთ, რომ ყოველთვის ვიქნებით მზად შეთანხმებისთვის, ჩვენი ხალხის, ჩვენი ერისა და ვეროპული მომავლის საკეთილდღეოდ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა
პრეზიდენტის განცხადებით, მმართველი ძალა თავისი პროკურორებით, ახალი გამგებლებით, ახალი ფორმირებებით, მათ შორის ქუჩის ხულიგნებით და სხვა ძალებით, თვეებისა და კვირების განმავლობაში ცდილობდა ოპოზიციონერი პარლამენტარების დაშანტაჟებას და ზეწოლის ყველაზე უღირს მეთოდებს იყენებდნენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად: “შეთავაზება იყო ერთი და იგივე, მიეცით ცვლილებებს ხმა უმრავლესობასთან ერთად და თქვენი პრობლემები მოგვარდება. დღეს “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაამტკიცა, რომ ეს მეთოდები არ მუშაობს”
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით: ” დღეს დაიბადა ახალი “ნაციონალური მოძრაობა”, რომელმაც იბრძოლა ბოლომდე და ყველას დაუმტკიცა, რომ უფრო ცოცხალია, ვიდრე ოდესმე. ყველა ჯანსაღ პოლიტიკურ სისტემას სჭირდება ძლიერი მთავრობა და ძლიერი ოპოზიცია. მე ვუყურებდი ტელევიზორს, დღეს იყო უბადრუკი და იაფფასიანი მცდელობები ჩემსა და “ნაციონალური მოძრაობის” ზოგიერთ წევრს შორის იქნებ რამე შუღლი დაეთესათ. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს არის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”. მეც ვარ მათი ერთ-ერთი წევრი და ყველანაირი მცდელობა იმისა, რომ ჩვენ შიგნით გაგვთიშონ, დამთავრდა სრული კრახით”.
საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი 135 ხმით არც ერთის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო.