“ეს არის ყოველწლიური ანგარიში ქვეყანაში მიღწეული წინსვლის შესახებ, რომელიც ყოველთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, მაგრამ წელს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ, ყველანი მოუთმენლად ველით იმ პერსპექტივებს, რომელიც იქნება ამა წლის ნოემბერში ვილნიუსის სამიტისთვის”, – განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა.


სამოქმედო გეგმის შესრულების დინამიკა 2012 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს, თუმცა ანგარიშში ვადის გასვლის შემდეგ მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენებიც მოხვდა.


ანგარიშის მიხედვით, გასული წლის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი საპარლამენტო არჩევნების შედეგად ძალაუფლების დემოკრატიული გზით გადაცემა იყო, თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა მნიშვნელოვანი ხარვეზები, მათ შორის საჩივრები ადმინისტრაციული რესურსების და კერძო ფინანსების უკანონო გამოყენებასთან დაკავშირებით და აუცილებელია, რომ ეს ხარვეზები 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე აღმოიფხვრას.

საპატიმროების გადატვირთულობის პრობლემების მოგვარების კუთხით გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მათ შორის 2013 წლის ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა 10 000–მდე ადამიანი, ხოლო უამრავ პატიმარს სასჯელის ვადა შეუმცირდა, თუმცა ანგარიშში აღნიშნულია, რომ 190 პირის პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლების პროცესის მიმდინარეობისას არაერთი დარღვევა დაფიქსირდა:


“პარლამენტმა პროცესში არ ჩართო სასამართლო ხელისუფლება, რომელსაც, წესით, ობიექტური კრიტერიუმებისა და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად უნდა განესაზღვრა, იყვნენ თუ არა ეს ადამიანები პოლიტპატიმრები. ამასთან, ამნისტიის შესახებ კანონს არ გაუვლია წინასწარი კონსულტაცია ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიასთან, მიუხედავად იმისა, რომ იყო მოთხოვნილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის აზრი. ვენეციის კომისიის აზრით, ამნისტიის შესახებ კანონი არღვევს კანონის უზენაესობის რამდენიმე ფუნდამენტურ პრინციპს, კერძოდ, კანონიერებას (გამჭვირვალობის ჩათვვლით), კანონის პირადი შეხედულებით გამოყენების აკრძალვას, დისკრიმინაციის დაუშვებლობასა და კანონის წინაშე თანასწორობას”, – აღნიშნულია ანგარიშში.


ევროკომისია მიიჩნევს, რომ მთავრობის ცვლილების შემდეგ არის იმედისმომცემი ნიშნები იმისა, რომ ახალი ხელისუფლება უფრო მეტს გააკეთებს სეპარატისტულ რეგიონებში ჩართულობის თვალსაზრისით. ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მტკიცედ განაგრძობდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას და ხელს უწყობდა კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას.

 

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება მედიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობა:


“მედიაგარემოს გაუმჯობესების ძირითადი პრიორიტეტი არის საჯარო ინფორმაციაზე მეტი წვდომა და მედიაპლურალიზმის განმტკიცება, უკეთესი ფინანსური გამჭვირვალობა და სარეკლამო ბაზრის მონოპოლიისგან გათავისუფლება.


სასამართლო დამოუკიდებლობა კვლავ პრობლემად რჩება. სასამართლოს სტრუქტურა მკაცრად იერარქიულია, არსებობს აღმასრულებლის მხრიდან სასამართლოსთვის შეუფერებელი ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა.  პროკურატურის დამოუკიდებლობის ხარისხი დაბალია, რასაც თან ახლავს პროკურატურის საქმიანობაზე არასაკმარისი  სამართლებრივი კონტროლი”


რაც შეეხება რეკომენდაციებს, რომელსაც ევროკომისია საქართველოს აძლევს, გარდა მედიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერებისა, საუბარია შრომის უფლებების გაუმჯობესებაზე, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის შემუშავებაზე, ერთ–ერთი რეკომენდაცია კი ციხის კადრების გამოძიებას ეხება:


“წარიმართოს პენიტენციურ სისტემაში წამებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევების სიღრმისეული და გამჭვირვალე, დამოუკიდებელი გამოძიება. განახორციელოს სტრუქტურული რეფორმები ამგვარი ფაქტების თავიდან აცილების (პრევენციის) მიზნით მომავალში”, – ნათქვამია ანგარიშში. ევროკომისია საქართველოს ასევე ურჩევს უზრუნველყოს გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და პოლიტიკური მოტივაციისგან თავისუფალი სისხლის სამართლებრივი დევნა და თავიდან აიცილოს ყოველგვარი აღქმა იმისა, რომ შერჩევითი სამართალი ხორციელდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *