“ამ ერთმა კონკრეტულმა თემამ ბოლო დღეების განმავლობაში, სამართლიანად თუ უსამართლოდ, სუბიექტურად თუ ობიექტურად, ისეთი დატვირთვა შეიძინა, რომ გადაიქცა ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის ერთ–ერთ გადამწყვეტ და მნიშვნელოვან მომენტად”– ეს განცხადება დავით ბაქრაძემ პარლამენტის სხდომაზე გააკეთა.

მისი განცხადებით, უმრავლესობა ცდილობს საკითხის წარმოჩენას ისე, რომ თითქოს ამ ცვლილებებზეა დამოკიდებული ქვეყნის ბედი:”თითქოს ამით ფასდება, რომ ამ გადაწყვეტოლებაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ ვერ შეძლებს ხელისუფლება ხალხის დახმარებას. ამით ფასდება, იქნება თუ არ იქნება საქართველო მომავლის მქონე ქვეყანა. რბილად რომ ვთქვათ, ეს არის გადაჭარბება, ეს არის არასწორი. ამის მარტივი დადასტურება გახლავთ ის, რომ ეს ცვლილებები 2013 წლის ოქტომბერში კარგავს ძალას. ხომ არ დგას საკითხი ისე, რომ 2013 წლის ოქტომბრამდე რაიმე უნდა დაინგრეს იმის გამო, რომ კონსტიტუციაში ეს მექანიზმი დევს. თქვენ ამას ხსნით განსხვავებული მოტივაციით, მაგრამ ფაქტი ერთია, თქვენს გამოსვლებშიც და ჩვენს გამოსვლებშიც ჩანს, რომ მოლოდინი იმისა, რომ ეს ცვლილებები გამოყენებული იქნება, არ არსებობს.”
ბაქრაძის განცხადებით, პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში, ის, რომ პრეზიდენტი მოახდენს პარლამენტის დათხოვნას და მთავრობის ფორმირებას პარლამენტის გარეშე, გამოირიცხება: ” ეს მექანიზმი და ცვლილება გამოყენებული იყოს, გამორიცხულია. თუ ეს ასე მოხდა, ასეთ შემთხვევაში საკუთარ თავს პრეზიდენტის გუნდში ვერღარ დავინახავ. ამაზეა კოლეგებო საუბარი, რომ დღეს არ ვსაუბრობთ იმაზე, რეალურად რა ხიფათი შეიძლება დაემუქროს ქვეყანას, როგორიც შეიძლება იყოს ჩვენ შორის დაპირისპირების თემა. დღეს ვდავობთ იმაზე, რაც გარკვეული პოლიტიკური პროცესის გამო ეს თემა საკამათოა ორივე მხარისთვის. თქვენთვის ეს არის პრინციპული საკითხი, რომ გაიტანოთ ამ ფორმით, ჩვენთვის კი პრინციპულია ის, რომ რაიმე ფორმით გავხდეთ ამ პროცესის თანამონაწილენი.”
ბაქრაძის განცხადებით, ოპოზიცია ორი თვის განმავლობაში ისმენდა, რომ მის ხმას არ ჰქონდა არანაირი მნიშვნელობა: ” გვეუბნებოდნენ, შენით ან უშენოდ ეს ცვლილება მაინც გატანილი იქნება. როდესაც ისმენ, რომ ეს ქვეყანას კი არ სჭირდება, არამედ საჭიროა იმისთვის, რომ შვილებს თვალებში ჩახედო და ამ ქვეყანაში შენმა ოჯახმა მშვიდად იცხოვროს. როცა ისმენ, რომ შენ ხარ წარსულზე დამოკიდებული და დაკარგული ადამიანი. შენი პირადი შანსი, რომ გადარჩე, არის ამ ცვლილებების მხარდაჭერა. ასე ადამინები ხმას არ აძლევენ პარლამენტში. ეს ის შემთახვევაა, როცა ფორმა ძალიან მნიშვნელოვანია.”
ბაქარაძისთვის გაუგებარია, რატომ გახდა სარეიტინგო კენჭისყრა უმრავლესობისთვის მიუღებელი: ” ის, რასაც ჩვენ გთავაზობთ, სარეიტინგო კენჭისყრა, იქნება იმის მაჩვენებელი, რომ ოპოზიციას აქვს მნიშვნელობა. რატომ გახდა ეს 30- წამიანი კენჭისყრა პრინციპულად მიუღებელი თქვენთვის? ეს კენჭისყრა გაგვიხსნის გზას და კარებს, რომ ერთ პოზიციაზე დავდგეთ იმისთვის, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული იქნას ხმების უმრავლესობით. ოპოზიციის თანხმობით და არა ისე, რომ ვიღაცა გადაიბიროთ ან თუნდაც ჩავარდეს. ჩავარდნაც არ არის კარგი, არც თქვენთვის, არც ჩვენთვის, არც ქვეყნისთვის. თუ ეს ასეთი მნიშვნელოვანია და ქვეყნის ბედი ამაზე კიდია, თუ ამაზეა დამოკიდებული ქვეყნის სტაბილურობა და ამ მთავრობის მუშაობა, რა გახდა ერთი საპარლამენტო კონკრეტული პროცედურა, რატომ აქვს ამ კენჭისყრას ასეთი პრინციპული მნიშვნელობა და ამხელა პრინციპული ფასი თქვენთვის, რომ ეჭვის ქვეშ აყენებთ საბოლოო შედეგს და ოპოზიციასთან ურთიერთობას.”
ბაქრაძემ უმრავლესობას საპასუხო ნაბიჯის გადმოდგმისაკენ მოუწოდა: ” ერთი მცირე ნაბიჯია გადმოსადგმელი. რა არის ამ ცვლილებების ამოცანა? თუ ამ ცვლილებების ამოცანას თქვენ ხედავთ იმაში, რომ ქვეყანა დაწყნარდეს და დამშვიდდეს, ამას სჭირდება თქვენი და ჩვენი შეთანხმება. თუნდაც ასი ხმა შეაგროვოთ, ქვეყანა ვერ დაწყნარდება, თუ არ შეთანხმდა უმრავლესობა და ოპოზიცია.”
