“ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვიმყოფებოდე დღეს აქ. დღეს აქ ვიმყოფები საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, მისი თავმჯდომარის, ბატონი თედო ჯაფარიძის მოწვევით, ძირითადი სასაუბრო თემა იყო აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები. ადრე სხვა ელჩებს ჰქონდათ პატივი წარმდგარიყვნენ კომიტეტის წინაშე, ახლა ჩემი რიგი იყო”, – განაცხადა ნორლანდმა.
მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის:
“ჩემი ძირითადი გზავნილი დღეს გახლდათ ის, რომ აშშ-ის თანამშრომლობა საქართველოსთან გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკოსი ან პოლიტიკური ძალა არის ხელისუფლებაში საქართველოში თუ ამერიკაში.
ჩვენი ხედვით, რასაკვირველია, მიმდინარე საუბრები და დებატები მნიშვნელოვანია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის დიდი პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია. საქართველოს ჰყავს ძლიერი მთავრობა, რომელიც არის საარჩევნო მანდატით, ჰყავს პროფესიონალური მთავრობა, კომპეტენტური პარლამენტი, დამოუკიდებელი სასამართლო და მედია, რაც არის დემოკრატიული საზოგადოების საფუძველი.”
რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, დამთხვევაა, რომ ის დღეს იმყოფებოდა პარლამენტში:
“დღეს, როდესაც პარლამენტი იწყებს მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ცვლილების განხილვას; აშკარად ეს გახლავთ საქართველოს შიდა პოლიტიკური განსჯის საგანი. აღვნიშნავ, რამდენადაც ვიცნობ პრესიდან ვითარებას, ორივე მხარე თანხმდება შინაარსზე, მაგრამ, როგორც ეს ხდება დემოკრატიულ პროცესში, თითოეული მხარე ცდილობს, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს მისი ამომრჩევლის ინტერესები და ამას ვხედავთ ჩვენ.”
შეგახსენებთ, რომ დღეს აშშ-ის ელჩი შეხვედრებს მართავდა საქართველოს პარლამენტში: ის დახურულ კარს მიღმა შეხვდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს თედო ჯაფარიძეს, უმცირესობის ლიდერს დავით ბაქრაძესა და უმრავლესობის ლიდერს დავით უსუფაშვილს. ნორლანდი ასევე ანგარიშით წარსდგა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრების წინაშე.
