#9 პატიმრობის ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების (ე.წ. მატროსოვის ციხე) რეაბილიტაცია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა დაიწყო:
“აღნიშნული დაწესებულება, რამდენიმე წლის წინ ჩატარებული სარემონტო სამუშაოების მიუხედავად, არ აკმაყოფილებდა არსებულ სტანდარტებს. შენობაში სუფევდა ანტისანიტარია, მწყობრიდან იყო გამოსული საკანალიზაციო ქსელი, არ ფუნქციონირებდა საშხაპეები, მსჯავდებულებს უწევდათ ღირსების შემლახველ პირობებში ცხოვრება”, – აცხადებენ სამინისტროში.
სამინისტრო ავრცელებს #9 დაწესებულებაში არსებული სურათის ამსახველ ფოტომასალას.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ აღნიშული დაწესებულებიდან გლდანის ციხეში იქნა გადაყვანილი ბაჩო ახალაია. სახალხო დამცველის ოფისმა დაადასტურა, რომ გლდანის საპყრობილეში ადგილი ჰქონდა ახალაიას და სხვა დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებს პატიმრების მხრიდან. ახალაიას ისევ მატროსოვის ციხეში დაბრუნებას მოითხოვენ მისი ახლობლები, ხოლო სახალხო დამცველმა სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა, უზრუნველყონ ახალაიას ისეთ დაწესებულებაში განთავსება, სადაც მისი უსაფრთხოება დაცული იქნება.