საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. ეს ის განყოფილებაა, სადაც 23 მარტს ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული შოთა პაკელიანი მიიყვანეს და გაჩხრიკეს.
“პოლიციის განყოფილებაში დაკავებულის პირადი ჩხრეკისას განხორციელებულ პროცედურებთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს სსკ-ს 333-ე მუხლის (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) მე-3 ნაწილით პროკურატურა აწარმოებს”, – აცხადებს შსს.
აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
დღეს, 22 ივნისს, “ლიბერალმა” წყაროს მიერ მიწოდებული ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელიც ასახავს დაკავებული პაკელიანის ჩხრეკას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილებაში, სადაც მას აშიშვლებენ ჩხრეკის დროს და ახდენენ ზეწოლას.
შსს–ს ცნობით, 23 მარტს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის წარსულში ნასამართლევი შოთა პ. დააკავეს, რომელსაც ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
შოთა პაკელიანის ოჯახის წევრები ისანი-სამგორის მე-7 განყოფილების თანამშრომლებს მის სასტიკად ცემასა და წამებაში ადანაშაულებს.
პაკელიანის ოჯახის ინფორმაციით, ის 4 დღის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა. მათი განცხადებით, რეანიმაციულ განყოფილებაში გადაღებულ ფოტოებზე 26 წლის ახალგაზრდას ძალადობის კვალი სხეულზე ნათლად ატყვია.
“თეთრი ხმაურის მოძრაობის” ცნობით, დაკავების მომენტში შეშინებულმა პაკელიანმა მის ხელთ არსებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარება შიშის საფუძველზე მოასწრო. მოძრაობის ცნობით, განყოფილების შენობაში გადაყვანის შემდეგ, მას პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთერება “ბიო” დაუდეს და რამდენიმესაათიანი ფიზიკური ანგარიშსწორების საფუძველზე მისგან აღიარებითი ჩვენების მოპოვებას ცდილობდნენ.