ახალი ამბები

კონსტიტუციის საბოლოო პროექტით, სახალხო დამცველი 6 წლის ვადით აირჩევა

21 ივნისი, 2017 •
კონსტიტუციის საბოლოო პროექტით, სახალხო დამცველი 6 წლის ვადით აირჩევა

პარლამენტში წარდგენილი კონსტიტუციური ცვლილებების საბოლოო პროექტის მიხედვით, სახალხო დამცველს 6 წლის ვადით სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი.

პროექტის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვას ზედამხედველობს სახალხო დამცველი, რომელსაც 6 წლის ვადით სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი. სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა დაუშვებელია.

ამავე პროექტით,  სახალხო დამცველის საქმიანობისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით.  სახალხო დამცველის დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი არ მისცემს თანხმობას, სახალხო დამცველი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.  სახალხო დამცველის უფლებამოსილება განისაზღვრება ორგანული კანონით.

კონსტიტუციური ცვლილებების პირველადი პროექტით, სახალხო დამცველი 5 წლის ვადით აირჩეოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი