ერთ-ერთი მოკლულის, მურთაზ კიზირიას მამამ – რამინ კიზირიამ, რომელიც წინა წლებში ქუთაისის ვიცე-მერი იყო, 18 მარტს პრესკონფერენცია გამართა და ლევან კახიანის დაწინაურების შესახებ მიაწოდა ჟურნალისტებს ინფორმაცია და ეს ფაქტი გააპროტესტა.
მინისტრმა ღარიბაშვილმა 19 მარტს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამაში პრობლემას ვერ ხედვას, რადგანაც ლევან კახიანი მაშინ მუშაობდა სამხარეო პოლციის უფროსად და ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
“მე საქმის კურსში ვარ ამ საქმესთან დაკავშირებით, ძალიან სამწუხაროა, როცა ამა თუ იმ სპეცოპერაციას მოჰყვება ლიკვიდაცია, ადამიანის მსხვერპლი, მაგრამ ჩვენ ისეთი სამსახური გვაქვს, რომ ჩვენ ვემსახურებით ხალხს, ვიცავთ წესრიგს, უსაფრთხოებას. სამწუხაროა ის, რომ სპეცოპერაციის დროს გარდაიცვალნენ ყაჩაღობაში მხილებული პირები. ძალიან სამწუხაროა. მათი მხრიდან იყო წინააღმდეგობა, შესაბამისად, პოლიციელებს მოუწიათ სათანადო რეაგირების მოხდენა. ის, რომ ლევან კახიანი მონაწილეობდა სპეცოპერაციაში, მე ამაში რაღაც უჩვეულოს ვერ ვხედავ, ის იმ დროს იყო სამხარეოს უფროსი, ის ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
ეს არის ჩემი პასუხი. გიდასტურებთ, რომ ლევანი მუშაობს ჩვენთან, ის არის კონტრტერორისტული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე.
კიდევ ვიმეორებ, სამწუხაროა, როცა მსხვერპლით მთავრდება ესა თუ ის სპეცოპერაცია, მაგრამ კიდევ მინდა შეგახსენოთ, რომ პოლიცია იმისთვის არსებობს, რომ გაუმკლავდეს ბოროტმოქმედებებს და თუ საჭირო გახდა, გამოიყენოს მასზე მინიჭებული ყველა უფლება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სპეცოპერაცია ვარციხეში იმერთის მაშინდელმა სამხარეო პოლიციამ 2006 წლის 23 თებერვალს განახორციელა, რის შედეგადაც მოკლული იქნა სამი ადამიანი – მურთაზ კიზირია, ვალერი ბენდელიანი და ზურა ბაბუხადია. შსს მაშინ აცხადებდა, რომ ახალგაზრდები, რომლებიც ტაქსით გადაადგილდებოდნენ, იყვნენ შეიარაღებული და ადგილი ჰქონდა ორმხრივ სროლას პოლიციასთან. მოკლულების ოჯახის წევრების განცხადებით კი, პოლიციამ უდანაშაულოები დახოცა და შემდეგ ადგილზე მიიტანეს იარაღი იმის საილუსტრაციოდ, რომ თითქოს შეიარაღებული დაჯგუფების ლიკვიდაცია განახორციელეს.
მოკლულების ოჯახის წევრები უკვე 7 წელია იბრძვიან ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენით მოთხოვნით და ერთ-ერთმა მათგანმა გუშინ პროკურატურას მიმართა საქმის თავიდან გამოძიების მოთხოვნით.
იმ პერიოდში, როდესაც აღნიშნული სპეცოპერაცია განხორციელდა, იმერთის სამხარეო პოლიციას ლევან კახიანი ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით კახიანი მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.
