ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: გადადგომაზე განცხადება ნახევრად ხუმრობით გავაკეთე

20 ივნისი, 2017 •
ირაკლი კობახიძე: გადადგომაზე განცხადება ნახევრად ხუმრობით გავაკეთე

“მე პირადად არ მომწონს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე შემდეგი არჩევნებიდან არ გადავდივართ, ისევე როგორც არ მოსწონს ჩემს ბევრ თანაგუნდელს,” – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემა “არჩევანში” გააკეთა.

ირაკლი კობახიძის თქმით,  რამდენიმე კვირის წინ მან ნახევრად ხუმრობით თქვა, რომ თანამდებობიდან გადადგებოდა, თუ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არ გადავიდოდით:

“ჩვენ მოქმედ სისტემასთან დაკავშირებით ნეგატიური გამოცდილება გვაქვს და აქედან გამომდინარე, პრინციპულად მნიშვნელოვანია პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. სამწუხაროდ, ეს ვერ ხერხდება მომდევნო არჩევნებისთვის, თუმცა იმის შემდეგი არჩევნებისთვის ხერხდება. ”

პარლამენტის სპიკერის თქმით, ოპოზიცია კონსტიტუციის შემუშავების პროცესში უფრო ადეკვატური რომ ყოფილიყო, რაღაც საკითხებზე უმრავლესობის შიგნითაც გაადვილდებოდა სხვანაირი კონსენსუსის მიღწევა:

“კონსენსუსის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული პრობლემა კომპლექსური იყო. ამ ყველაფერმა განაპირობა ის შედეგი, რომელიც მივიღეთ. მე პირადად არ მომწონს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე შემდეგი არჩევნებიდან არ გადავდივართ, ისევე როგორც არ მოსწონს ჩემს ბევრ თანაგუნდელს, თუმცა აზრები იყო გაყოფილი,” – ამბობს კობახიძე.

20 ივნისს “ქართულ ოცნებაში” გამართული კონსულტაციების შემდეგ პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ 2020 წელს შერეული საარჩევნო სისტემა შენარჩუნდება, ხოლო საარჩევნო ბარიერი 5 პროცენტიდან 3 პროცენტზე ჩამოვა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ხელისუფლება 2024 წლიდან გეგმავს. 

ხვალ, 21 ივნისს, 13:00 საათზე ქუთაისში, პარლამენტის სასახლეში რიგგარეშე სხდომა გაიხსნება. საპარლამენტო უმრავლესობას სურს კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი მიმდინარე კვირაში ორი მოსმენით მიიღოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი