ნეტგაზეთი | ახალაია და სხვა პირები სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვენ ახალაია და სხვა პირები სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვენ – Netgazeti

ახალაია და სხვა პირები სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვენ

საქართველოს სახალხო დამცელი სასჯელაღსრულების სამინისტროს მოუწოდებს, გამოიყენოს ყველა საშუალება მსჯავრდებულთა უსაფრთხოების დასაცავად. ომბუდსმენის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალაია და მასთან ერთად ბრალდებულები #8 დაწესებულებიდან გადაყვანას ითხოვენ.

ბაჩო ახალაიამ და მასთან ერთად ბრალდებულები საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა 2013 წლის 18 მარტს მოინახულა. მათ განაცხადეს, რომ გლდანის #8 დაწესებულებაში მყოფი პატიმრების მხრიდან მათ მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა სისტემატურად ხორციელდებოდა. 

 

ომბუდსმენის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულების განმარტებით მათ მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა გამოიხატებოდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში, ასევე ადგილი ჰქონდა მუქარას:

 

“ბრალდებულების განმარტებით, ამასთან ერთად 13 და 14 მარტს პატიმრების მხრიდან ადგილი ჰქონდა დაწესებულების მოქმედი თანამშრომლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტს, რადგან თანამშრომელი ცდილობდა აღეკვეთა მათი შეურაცხმყოფელი საქციელი. ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ მათ სიტყვიერად არაერთხელ მიმართეს #9 დაწესებულების ადმინისტრაციას, რომ არ მომხდარიყო მათი გადაყვანა #8 დაწესებულებაში, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ #8 დაწესებულებაში მათი მოთავსება დაუშვებელია და აღნიშნულით ხდება სხვა პატიმრების პროვოცირება უკანონო ქმედებების ჩასადენად”, – ნათქვამია განცხადებაში. აქვე აღნიშნულია, რომ ბრალდებულები #8 დაწესებულებაში თავს ვერ გრძნობენ უსაფრთხოდ და ითხოვენ სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანას, სადაც დაცული იქნებიან არაადამიანური მოპყრობისგან და დაცული იქნება მათი უსაფრთხოება:

 

საქართველოს სახალხო დამცველი მუდმივ მონიტორინგს განახორციელებს და მოუწოდეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, გამოიყენოს ყველა მის ხელთ არსებული  საშუალება, რათა დაცული იყოს მსჯავრდებულების უსაფრთხოება და რაიმე სახის ზიანი არ მიადგეს მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge