ნეტგაზეთი | “დაგვაცადე სწავლა მინისტრო, შენ აღარ გაქვს უკვე ფიქრის დრო” “დაგვაცადე სწავლა მინისტრო, შენ აღარ გაქვს უკვე ფიქრის დრო” – Netgazeti

“დაგვაცადე სწავლა მინისტრო, შენ აღარ გაქვს უკვე ფიქრის დრო”

განათლების სამინისტროსთან აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების აქცია საკუთარი ჰიმნის თანხლებით სახელწოდებით -“დაგვაცადე სწავლა მინისტრო, შენ აღარ გაქვს უკვე ფიქრის დრო” გაიმართა.

დაახლოებით 300-მდე სტუდენტმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აგრარული უნივერსიტეტის მიმართ ავტორიაზციის საბჭოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით აქცია გამართა.

 

აქციას, რომელსაც აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების გარდა თსუ-ს სტუდენტებიც შეუერთდნენ, დღეს, 16 საათზე დაიწყო.

 

“დღეს უნდა გაგვემართა აქცია, სადაც კონსტრუქციული თანამშრომლობის გამო ბატონ მინისტრს, გიორგი მარგველაშვილს მადლობას გადავუხდიდით, თუმცა, დღევანდელი მისი განცხადების შემდეგ, როდესაც თქვა, რომ ავტორიზაციას უნივერსიტეტი მიიღებს, თუმცა საბჭო ამ გადაწყვეტილებას ბათილად არ ცნობს, მისთვის მადლობის გადახდას აღარ ვაპირებთ. გვინდა, რომ მინისტრმა საბჭოსთან გვიშუამდგომლოს და გადაწყვეტილებას გადახედოს,”- ამბობს გიორგი კიკალეიშვილი, აგრარული უნივერსიტეტის მაგსიტრატურის სტუდენტი. 

 

კიკალეიშვილის განმარტებით, თუკი საბჭოს გადაწყვეტილებას ბათილად არ ცნობენ, ეს მათ, სტუდენტებს დააზარალებს.

 

“თუ არ გაბათილდა, მაშინ ბიუროკრატიული პროცედურების გამო აკრედიტაციების აღდგენის პროცედურები დროში გაიწელება. ჩვენ გვჯერა მინისტრის. ის აცხადებს, რომ უნდა ხარისხიანი განათლება მიიღონ სტუდენტებმა, მაშინ ამ პროცესით დაიწყოს ჩვენი უფლებების დაცვა, რომ მივიღოთ ხარისხიანი განათლება.”

 

მისივე თქმით, ის საკანონმდებლო რეგულაციები, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტს ავტორიზაცია მოუხსნეს, შესაცვლელია და, შესაბამისად, ყველა უმაღლეს სასწავლებელს მსგავს პრობლემას შეუქმნის.

 

სტუდენტების დღევანდელ აქციაზე განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი ხატია დეკანოიძეც იმყოფებოდა.

 

“ეს არის სტუდენტების აქცია, მე მხარდასაჭერად მოვედი. უნდა გაბათილდეს საბჭოს გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტების მიღება შეუძლებელი გახდება. ჩვენ ყველა ხერხით ვიბძოლებთ ამისთვის, სასამართლოშიც კი. თუმცა, ვფიქრობთ, მინისტრი კეთილგონივრულ გადაწვყეტილებას მიიღებს,”- ამბობს დეკანოიძე.

 

დღევანდელ აქციაზე განათლების სამინისტროსთან 10-მდე სამართალდამცავი იმყოფებოდა.

 

 

 

 

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო კახიშვილი