ახალი ამბები

ღარიბაშვილი: მე ბოდიში მოვუხადე რაფალიანცის ოჯახს

18 მარტი, 2013 • • 989
ღარიბაშვილი: მე ბოდიში მოვუხადე რაფალიანცის ოჯახს

“დაელოდეთ გამოძიებას” – ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილის პასუხი დეპუტატების კითხვაზე.

 

“რაც შეეხება რაფალიანცის საქმეს, ცხელ კვალზე არ მოხდა ამის გამოძიება. სამწუხაროდ, ის 1 თვე ფაქტობრივად დაიკარგა, საქმე გარკვეულ ჩიხში შეიყვანეს, თუმცა, მე ამასთანავე მაშინ ვიჩქარე, როცა განვაცხადე, რომ ძალიან მალე გვექნებოდა საშუალება საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა ინფორმაცია, თუ რა მოხდა და გამოძიების შედეგებს წარვუდგენდი. მე ამის გამო, პირველ რიგში, ბოდიში მოვუხადე რაფალიანცის ოჯახს და საზოგადოებას. საქმე არ არის მარტივი. შეგვიძლია ამაზე არა ღია საზოგადოებისთვის, არამედ ცალკე ვისაუბროთ. თუმცა მიმდინარეობს გამოძიება და  გვაქვს რეალური პერსპექტივები”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

მინისტრს დეპუტატებმა კითხვა დაუსვეს მანანა ბერიკაშvილის მიერ წამოყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებითაც.

 

“ქალბატონი მანანა ბერიკაშვილი გამოვიდა და პირდაპირ ბრალი დამდო მე ამ დანაშაულის ჩადენაში. მე მიმაჩნია, როგორც იურისტს, როგორც ყოფილ პროკურორს, რომ ეს არის უმძიმეს დანაშაულში ცრუ დასმენა და მის მიმართ უნდა დაიწყოს გამოძიება”, – უთხრა დეპუტატმა გიორგი ღვინიაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს. მისი თქმით, ახალ მთავრობას არ უნდა გაუჭირდეს ამ საქმის გამოძიება, მით უმეტეს, მაშინ, როცა პროკურატურა აცხადებს, რომ 10 წლის წინ მომხდარი დანაშაულის გამოძიება შეუფერხებლად შეუძლია.

 

ამის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრებს შეახსენა ბუტა რობაქიძის მკვლელობის და სხვა გახმაურებული საქმეები და განაცხადა, რომ ახალი ხელისუფლება წინამორბედისგან განსხვავებული პრინციპებით მუშაობს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი