ახალი ამბები

ღარიბაშვილი გუნავას საქმეზე: ამაზე მეტი რეაგირება არ ვიცი რა შეიძლება იყოს

18 მარტი, 2013 • • 984
ღარიბაშვილი გუნავას საქმეზე: ამაზე მეტი რეაგირება არ ვიცი რა შეიძლება იყოს

“მე არაერთგზის განვმარტე და  კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გუნავასთან დაკავშირებით რა რეაგირება მოვახდინე მე,

თენგიზ გუნავა
თენგიზ გუნავა

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა. როდესაც მოხდა ეს ფაქტი, მე, ბუნებრივია, დავინტერესდი იმიტომ, რომ ამას მოყვა მთელი რიგი მითქმა–მოთქმა და საუბარი, თითქოს მას იარაღი ჩაუდეს, ნარკოტიკი დაალევინეს და ა.შ. ოფიციალური ვერსია, რაც მე გამაჩნდა ჩემი თანამშრომლებისგან, არის ის, რომ დაკავებისას გუნავა იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ და მას გააჩნდა იარაღი. 

 

ამის შემდეგ საქმე წავიდა პროკურატურაში. პროკურატურამ საქმე გადასცა იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, რომელმაც დაიწყო გამოძიება. მე არ დაველოდე გამოძიების შედეგებს, მე დავავალე შსს–ს გენინსპექციას ამის გამოძიება. არ დადასტურდა, რომ მას ჩაუდეს იარაღი და დაალევინეს ნარკოტიკი, მაგრამ გამოიკვეთა პროცედურული და პროცესუალური დარღვევები. მე მივიღე გადაწყვეტილება და ის 5 თანამშრომელი, რომელიც იყო ჩართული გუნავას დაკავებაში და მეექვსე პირი, რომელიც ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, დავითხოვე სამინისტროდან. შემდეგ დაველოდე იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის დასკვნას და შედეგი იგივე იყო. შესაბამისად, ამაზე მეტი რეაგირება არ ვიცი, რა შეიძლება იყოს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პავლე კუბლაშვილის კითხვის პასუხად, რომელსაც მინისტრისგან აინტერესებდა, თუ იარაღი პოლიციელებმა ჩაუდეს გუნავას, მაშინ როგორ აღმოაჩნდა მას უნომრო “მაკაროვი”.

 

“მე ვთქვი, რომ აღარ ჩავუდებთ უდანაშაულო ადამიანებს იარაღს, ნარკოტიკს”, – კვლავ გაიმეორა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს მიუთითა, რომ ეს მისი წინამორბედის მეთოდი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი