ახალი ამბები

ქონებაწართმეული ბიზნესმენები ბიძინა ივანიშვილს აფრთხილებენ

18 მარტი, 2013 • • 1010
ქონებაწართმეული ბიზნესმენები ბიძინა ივანიშვილს აფრთხილებენ

მამია სანადირაძე, პრემიერ-მინისტრს დაპირებას, სახელმწიფო კანცელარიასთან 19 მარტს, 14 საათზე გამაფრთხილებელი აქციით შეახსენებს. მისი თქმით, გამაფრთხილებელი აქცია ფართომასშტაბიანი არ იქნება.  

“პროცესი საკამაოდ ნელა მიდის. ჯერ არ შექმნილა კომისია, რომელიც დაზარალებული ბიზნესმენების საქმეებს განიხილავს. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სანდრო ბარამიძემ, წერილობით გვაცნობა, რომ სპეციალური კომისია გამოიძიებს ამ საქმეებს, რომელიც ამ დრომდე არ შექმნილა.”

 

მამია სანადირაძის განცხადებით, მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 18 000 დაზარალებული ბიზნესმენის საქმე უნდა შეისწავლოს: “ამას ბევრი დრო დასჭირდება და საქმეების შესწავლა აზრს დაკარგავს, რადგან წართმეული ქონებების გადაყიდვა მეოთხე და მეხუთე პირებზე მოხდება.” 

 

მამია სანადირაძე/გია მეფარიშვილი
მამია სანადირაძე/გია მეფარიშვილი

სანადირაძის განცხადებით, მოძრაობა “დააბრუნეს” იურიდიულ კონსულტაციას გია მეფარიშვილი გაუწევს. მეაფრიშვილი სპეციალიზირებული პროკურატურის შექმნის ინიციატივით გამოდის:

 

“2004–2012 წლებში დაზარალებული ბიზნესების საკითხი სპეციალიზირებულმა პროკურატურამ უნდა შეისწავლოს. უნდა შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც მხოლოდ ამ საქმით დაკავდება, რადგან პროკურატურას სხვა შემთხვევაში ამ რაოდენობის საქმეების შესასწავლად რესურსი არ ეყოფა.”

 

მამია სანადირაძის განცხადებით, “სპეციალიზირებული პროკურატურის” შექმნას არ სჭირდება საკანონმდებლო ცვლილება, ამისთვის მხოლოდ იუსტიციის მინისტრის ბრძანებაა საჭირო: “დროის ფაქტორი არის მნიშვნელოვანი. ყველა რეპრესირებული ბიზნესმენი განიცდის მისი ქონების გაყიდვას და გადაყიდვას. მათ არ აქვთ არანაირი ბერკეტი, რომ მათი ქონების გაყიდვა შეჩერდეს. ძალიან ნელა მიდის პროცედურები. კომისიამ, რომელმაც დაზარალებული ბიზნესის საქმეები უნდა შეისწავლოს, შესაძლოა, 2014 წლის ბოლოსთავის დაიწყოს. ამ დროისათვის ყველა ქონება გაიყიდება. ამ საქმეების შესასწავლად, საჭიროა პრემიერ-მინისტრის ნება, სახელმწიფომ უნდა დაიქირავოს დამატებით 100 პროკურორი, რათა საქმეების გამოძიება დაიწყოს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი