გიორგი მარგველაშვილმა და აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ელენე ჯიბლაძემ სამინისტროში მიწვეულ სტუმრებს დეტალურად გააცნეს ინფორმაცია ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ.
ინფორმაციის მიღების მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებსა და საელჩოების წარმომადგენლებს კითხვები ჰქონდათ, რომელიც ძირითადად საბჭოს გადაწყვეტილების პოლიტიკურ მოტივს უკავშირდებოდა.
გიორგი მარგველაშვილმა და ელენე ჯიბლაძემ მათ კიდევ ერთხელ განუმარტეს, რომ საბჭოს გადაწვყეტილება მთლიანად საკანონმდებლო რეგულაციების შესაბამისად მოხდა, რომელსაც საბჭო გვერდს ვერ აუვლიდა.
“ის ინფორმაცია, რომელიც მთელი კვირაა არსებობს, ახლა უკვე ინგლისურ ენაზე მივაწოდე ელჩებს. რატომ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, რომ აგრარულმა გამოასწორა დარღვევები და ჩვენი მზაობა, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყოს ყველა ფორმალური პროცედურა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ აგრარულს ჰქონდეს ავტორიზაცია. გადავედით უკვე კომიკურ ვითარებაში, სადაც აგრარულმა გამოასწროა შეცდომები, სამინისტრო და მინისტრი ამბობს, რომ ეს ძალიან კარგია და ავტორიაზაცია მოგეცემათ. ახლა კი ისინი აცხადებენ, რომ საბჭოს გადაწყვეტილება უპირობოდ უნდა გაუქმდეს. მათ ავტორიზაცია უნდათ თუ პოლიტიკა, ეს გაუგებარია,” – განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე განმარტებით, ასეთი ნაბიჯებით კახა ბენდუქიძე პოლიტიკური დევნილის სტატუსის შენარჩუნებას ცდილობს.
“ვერ შეინარჩუნებს ამ სტატუსს და ვერც სტუდენტებს პოლიტიკურ მძევლებად. დიდი მადლობა, რომ შეცდომები გამოსწორებულია. ახლა მაქსიმალურად სწრაფად უნდა მოხდეს ავტორიზაციის მინიჭება, თუმცა კანონის ფარგლებში უნდა განხორციელდეს ეს. ბენდუქიძე, ხატია დეკანოიძე, თეა თუთბერიძე ცდილობენ დამარღვევინონ კანონი, რომელსაც მე ვერ დავარღვევ,”- ამბობს მარგველაშვილი.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შეხვედრას ასევე ესწრებოდა კახა კოჟორიძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი. კოჟორიძე ამბობს, რომ ამ დრომდე საიას ამ საკითხზე სამართლებრივი პოზიცია არ დაუფიქსირებია.
“ახლაც არ გვაქვს ამ საკითხზე პოზიცია, გამომდინარე იქიდან, რომ საბჭოს გადაწყვეტილება არ არსებობს ჯერ. არსებობს მხოლოდ საბჭოს სხდომის ოქმი. შესაბამისად, სწორი სამართლებრივი პასუხის გაცემა, ვფიქრობთ, შეუძლებელია. ჩვენ ეს ინფორმაცია გამოთხოვილი გვაქვს. წმინდა სამართლებრივი არგუმენტაციით გვინდა შემოვიფარგლოთ. თუმცა არ გამოვრიცხავთ, საბჭოს გადაწყვეტლებამდეც დავაფიქსიროთ და ცნობილი გავხადოთ საზოგადოებისთვის ჩვენი პოზიცია,”- აცხადებს კოჟორიძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელი ნინო ლომჯარია, რომელსაც გარკვეული კითხვები აქვს სამინისტროსთან, ასევე იმყოფებოდა დღევანდელ შეხვედრაზე განათლების სამინისტროში. ლომჯარიას მიაჩნია, რომ სასამართლო არის ყველაზე ადეკვატური ორგანო, სადაც შეიძლება ფაქტობრივ უზუსტობებზე და საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილობის შესახებ მსჯელობა.
“პირადად მე გავეცანი აგრარული უნივერსიტეტის პოზიციას იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რაც საბჭომ მათ წარუდგინა. გავეცანი მათ მოსაზრებას, რომ საბჭოს გადაწყვეტილება შეიცავს ფაქტების უზუსტობებს. მაგალითად, სადოქტორო პროგრამებთან დაკავშირებით ისინი აცხადებენ, რომ მათ ჰქონდათ სათანადო აკრედიტაცია აღნიშნული პროგრამის განსახორცილებელად. ჩემი შეკითხვები სწორედ ამაზე იყო. ეს საკამათო ფაქტებია ამ დროისთვის. თუმცა, საბოლოო ჯამში, პოზიტიურია ის, რომ უმცირეს ვადებში მიენიჭეება ავტორიზაცია უნივერსიტეტს. რაც შეეხება საბჭოს გადაწვეტილების ბათილობის ცნობის საკითხს, მიმაჩნია, რომ სასამართლო ყველაზე კარგი ორგანოა, სადაც შეიძლება მსჯელობა ბათილობის გადაწყვეტილებაზე და ასევე ფაქტობრივი გარემოებების სისწორის დადგენაზე,”- ამბობს ლომჯარია.
