ოზურგეთის სოფელ შეკვეთილში, იმ პარკში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აშენებს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მრავალწლოვანი ტიტას ხე გახმა და მოჭრეს. ამ ინფორმაციას არავინ ადასტურებს, თუმცა შეკვეთილში „ბათუმელებს“ ტიტას ხე იმ ადგილზე აღარ დახვდა, სადაც 2016 წელს დარგეს. ეს ხე პირველი მრავალწლოვანი ხე იყო, რომელიც აჭარიდან გურიაში ზღვით გადაიტანეს.
ე.წ. დენდროლოგიური პარკის ტერიტორიას დაცვის სამსახური იცავს. უცხო პირებისთვის ეს ტერიტორია შარშანაც დახურული იყო და ახლაც დახურულია. იქ ჟურნალისტებსაც არ უშვებენ. გასული წლის გაზაფხულიდან დღემდე კი ამ ტერიტორიაზე ათობით მრავალწლოვანი ხე შეიტანეს.
„ბათუმელებმა“ ტიტას ხე ბოლოს ორი თვის წინ გადაიღო. დღეს კი, იმავე ადგილიდან აშკარად ჩანს, რომ ტიტას ხე იქ აღარ დგას, ტიტას ხის ადგილზე კი ძირითადად, მრავალწლოვანი ევკალიპტებია მიტანილი [ზოგი დარგულია ზოგი დასარგავი].
„ტიტას ხე პარკის სიღრმეში გადარგეს“, – უთხრა „ბათუმელებს“ დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა. ამ ინფორმაციის გადამოწმების საშუალება კი არ მოგვეცა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ტერიტორიაზე არც ამჯერად შეგვიშვეს. გადარგული ტიტას ხე კი „ბათუმელების“ ფოტოობიექტივმა ვერ დააფიქსირა.
2015 წლის 31 დეკემბრით დათარიღებულ N431 ბრძანებით, რომელსაც აჭარის მთავრობის მაშინდელი ხელმძღვანელი, არჩილ ხაბაძე აწერს ხელს, შპს „ზიმო“-ს 6200 ლარად საკუთრებაში გადაეცა ერთი ერთეული ტიტას ხე (l.irliodendrontulipifera) და ორი ერთეული ჭაობის კიპარისის ხე. ამ ხეების გადატანა აჭარიდან გურიაში ზიმომ უზრუნველყო.
ტიტას ხე პირველი მრავალწლოვანი ხე იყო, რომელიც 2016 წლის 30 მარტს იმ პარკში მიიტანეს, რომელსაც საქართველოს ექსპრემიერი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი აშენებს. ეს პარკი ივანიშვილის საკუთრებაა.
ამავე თემაზე:
ივანიშვილის დანატოვარი