ახალი ამბები

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” შს მინისტრის ბრძანებას აკრიტიკებს

15 მარტი, 2013 • 1132
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” შს მინისტრის ბრძანებას აკრიტიკებს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის #39 ბრძანებით შეიცვალა პოლიციაში ზოგიერთი საკადრო საკითხის მარეგულირებელი წესი და შესაძლებელი გახდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ოცმეთაურის ან უფრო მაღალი თანამდებობის პირის, ოპერატიული ქვეგანყოფილების უფროსის ან უფროსის მოადგილის, დეტექტივ-გამომძიებლის, უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის, მესაზღვრე-კონტროლიორისა და რამდენიმე სხვა მნიშვნელოვან თანამდებობაზე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და გადამზადების კურსების გავლის გარეშე პირთა დანიშვნა ან დაწინაურება.

 

აღნიშნული წესის ცვლილება პირის პოლიციის თანამშრომლად ყოველგვარი წინასწარი მომზადების და სათანადო გამოცდის გარეშე დანიშვნის ან დაწინაურების შესაძლებლობას წარმოქმნის. მინისტრის ბრძანება ძალაშია 2013 წლის 31 მარტის ჩათვლით.

 

“მიუხედავად იმისა, რომ ბრძანება შეზღუდული პერიოდით მოქმედებს, იგი წარმოქმნის მნიშვნელოვან რისკებს. კერძოდ, არსებობს საფრთხე, რომ პოლიციაში ამ პერიოდში თანამდებობებზე დაინიშნონ პირები, ვინც არ აკმაყოფილებენ შესაბამის სტანდარტებსა და მოთხოვნებს. ასევე, ჩნდება ლეგიტიმური კითხვები, თუ რატომ შეიძლება გამხდარიყო საჭირო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და გადამზადების კურსების გავლაზე დროებით უარის თქმა”, – აცხადებენ ორგანიზაციაში “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მიმართა შს მინისტრს კითხვით, თუ რამ განაპირობა აღნიშნული ბრძანების გამოცემა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2013 წლის 7 მარტის  წერილით პასუხი გასცა ორგანიზაციის შეკითხვებს. წერილში აღნიშნულია, რომ სამინისტროს სისტემაში ძირეული ცვლილებები მიმდინარეობს, კრიმინალურ პოლიციას შეუერთდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი (სოდი); ამასთან, სოდ-ში აუცილებელი არ იყო სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების გავლა.  

 

შსს-ს განმარტებით, საგანმანათლებლო პროგრამების გავლა მოითხოვდა გარკვეულ დროს და პრობლემებს ქმნიდა საშტატო რიცხოვნობის შევსების კუთხით. შსს-ს წერილში საუბარია ასევე საპატრულო პოლიციის პატრულირების ზონების გაფართოებაზე და დამატებითი გაძლიერებული ეკიპაჟების აუცილებლობაზე, რაც მოითხოვდა გადაუდებელი და ქმედითი ზომების მიღებას.

 

წერილში ასევე საუბარია იმაზე, რომ სამინისტრომ ჩაატარა ტესტირება, რომლის მიზანიც იყო სამინისტროს მოსამსახურეთა ცოდნის, კვალიფიკაციის, პროფესიული უნარ-ჩვევებისა და მომზადების დონის შეფასება. აღნიშნული ტესტირების საფუძველზე კი უკვე იგეგმება მოსამსახურეთა ინტენსიური გადამზადება. სამინისტრო წერილში ასევე აღნიშნავს, რომ მინისტრის #39 ბრძანება სრულად შეესაბამება კანონს.

 

“სამინისტროს პოზიციის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალური კურსები და საგანმანათლებლო პროგრამები ემსახურება როგორც პროფესიული უნარებისა და ცოდნის ამაღლებას, ისე კვალიფიციური კადრების ობიექტურ შერჩევას. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისა და გადამზადების კურსებზე ერთიანად უარის თქმით კი დროებით გაუქმებულია შერჩევის ობიექტური წინაპირობები, რაც ზრდის სუბიექტური გადაწყვეტილებისა და ნეპოტიზმის რისკებს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ავრცელებს.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიესალმება სამინისტროს სისტემაში მიმდინარე რეფორმებს:

 

“თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლოა გარკვეულმა ნაჩქარევმა ქმედებებმა ზიანი მიაყენოს რეფორმის მიმდინარეობის პროცესს, ან არ მიიყვანოს რეფორმა დადებით შედეგამდე. პოლიციელთა სწავლების პროგრამა რეფორმის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, ამიტომ პოლიციის რეფორმასთან ერთად უნდა მოხდეს საგანმანათლებლო პროგრამების განახლებაც. აღნიშნული პროცესი ისე უნდა წარიმართოს, რომ ზიანი არ მიადგეს სამინისტროს საქმიანობის ხარისხს, საზოგადოებაში არ გაჩნდეს კითხვები ან ნეგატიური დამოკიდებულება მიმდინარე რეფორმის მიმართ, არ წარმოიქმნას ნეპოტიზმის რისკები და არ მოხდეს თანამდებობისთვის შეუსაბამო პირების სამინისტროს მოსამსახურეთა რიგებში ჩარიცხვა.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი