ახალი ამბები

ანა დოლიძემ ვენეციის კომისიის სესიაზე პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის დატოვებაზე ისაუბრა

16 ივნისი, 2017 • 1469
ანა დოლიძემ ვენეციის კომისიის სესიაზე პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის დატოვებაზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტის ადამინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და სხდომის მონაწილეებს, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ დასკვნაზე მსჯელობდნენ, საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია გააცნო.

დღეს, 16 ივნისს, ვენეციის კომისიამ სხდომის მონაწილეებს საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი დასკვნა გააცნო. რეკომენდაციების საბოლოო დოკუმენტი ჯერ არ გამოქვეყნებულა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია ფართო, საერთო – ეროვნულ კონსენსუსს უნდა ეფუძნებოდეს. კომისია მოუწოდებს ქართულ მხარეს, რომ კონსენსუსში მონაწილეობა ყველა მხარემ მიიღოს.

ანა დოლიძემ სიტყვით გამოსვლისას მთავარი ყურადღება ბონუსების სისტემის მიუღებლობაზე გაამახვილა. ასევე, ისაუბრა თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებაზე, რომელშიც ნატოს ექსპერტები იქნებიან ჩართული; საკონსტიტუციო ცვლილებებში პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის საკითხის გათვალისწინების თაობაზე და პარლამენტის ზედა პალატის შექმნაზე, როგორც დამაბალანსებელ მექანიზმზე. ანა დოლიძემ ასევე ისაუბრა იუსტიციის საბჭოს ჩაკეტილ, კორპორატიულ სისტემად ჩამოყალიბების საფრთხეზე.

ანა დოლიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიხედვით, კონსტიტუციაში უნდა იყოს ჩადებული შესაბამისი გაწონასწორების მექანიზმები. ასევე კომისია ურჩევს ქართულ მხარეს, ჩამოაყალიბოს ორპალატიანი პარლამენტი- შეიქმნას სენატი იმისათვის, რომ მან დააბალანსოს ძლიერი, ქვედა პალატა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კომისია მიიჩნევს, რომ თუ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის საკითხი დარჩება ცვლილებებში, მაშინ პრეზიდენტი უნდა აირჩიოს კვალიფიციურმა უმრავლესობამ, რომელშიც ჩართული იქნება არა მხოლოდ უმრავლესობა, არამედ ოპოზიციაც;  ასევე, პარლამენტი არ უნდა მონაწილეობდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნაში, რადგან კომისია მიიჩნევს, რომ თუ პოლიტიკა გადის სასამართლო სივრციდან, მაშინ პარლამენტმა არ უნდა დაამტკიცოს მოსამართელეები. მოსამართლეები იუსტიციის საბჭოს წარდგინებით პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცოს, რადგან პრეზიდენტი, ახალი სქემის მიხედვით, ნეიტრალური არბიტრი იქნება.

ადმინისტრაციის განცხადებითვე, კომისიის რეკომენდაციაა, რომ არ უნდა არსებობდეს ბონუსების სისტემა და თუ ბონუსების სისტემა მაინც დარჩება, მაშინ ქართულმა მხარემ უნდა განიხილოს საარჩევნო ბარიერის 2-3 %-მდე დაწევის საკითხი.

მასალების გადაბეჭდვის წესი