სააკაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში გარკვეულ ტენდენციად გამოიკვეთა ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა. მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა “ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონსტანტინე კუბლაშვილს სერიოზული დაავადება აქვს, რაც გაუმართლებლად მიმაჩნია. პოლიტიკოსების მხრიდან ჭორაობა მიუღებელია.” 

პრეზიდენტი აცხადებს, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება კონსტიტუციითაა დაცული და მისი დარღვევა ყოვლად დაუშვებელია:

 

“პირადი პრობლემებით შანტაჟი და სპეკულირება 90-იანი წლების დასაწყისის ყაჩაღურ, რუსულ, ოლიგარქიულ, კაპიტალისტურ მეთოდებს უფრო ჰგავს და არა 21-ე საუკუნის დემოკრატიული, ევროპული მთავრობის მოქმედებას. 

ეს საქციელი უკვე ახალი მთავრობის მოქმედების ტენდენციად იქცა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პარლამენტის უმრავლესობას, უფრო მეტი გულისხმიერებით მოეკიდოს ჩემ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ.”

 

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თაობაზე რამდენიმე განცხადება გააკეთა.

 

“მერიდება ცოტა, მე ვიცი, რომ კუბლაშვილს ჰქონდა რაღაც სერიოზული დაავადება, ძალიან მერიდება ახლა, რაღაც ჭორების დონეზე ჩავედი, მაგრამ ვგულისხმობდი მე იმას, რომ მას დაეხმარა პირადად სააკაშვილი და ის ძალიან ვალდებულების გრძნობით იყო”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *