საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა ვენეციის კომისიის თავმჯდომარე ჯანი ბუკიკიოსთან საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით საუბარი გამართა.
16-17 ივნისს ვენეციაში გაიმართება ვენეციის კომისიის 111-ე პლენარული სესია, სადაც განიხილავენ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
“გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ჯანი ბუკიკიოს და ვენეციის კომისიას საქართველოს საკონსტიტუციო პროექტთან მიმართებაში ჩატარებული სამუშაოსათვის და კომისიის მიერ ცვლილებებთან დაკავშირებით შემუშავებულ რეკომენდაციებს საინტერესო უწოდა. საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა ვენეციის კომისიის აქტიურ ჩართულობას განხილვების პროცესში,”- აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მათივე ცნობით, პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიოსთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ 16-18 ივნისს დაგეგმილ ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომას, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კომისიის დასკვნას განიხილავს, მის პოზიციას საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე გააცნობს.