ახალი ამბები

“ევროპული საქართველო” აფგან მუხთარლის საქმეზე პარლამენტში კომისიის შექმნას მოითხოვს

15 ივნისი, 2017 • 1540
“ევროპული საქართველო” აფგან მუხთარლის საქმეზე პარლამენტში კომისიის შექმნას მოითხოვს

“მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველო” აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თბილისიდან გატაცების საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს. ამის შესახებ პარტიის წევრებმა დღეს, 15 ივნისს განაცხადეს.

ოთარ კახიძის განცხადებით, საზოგადოება არ ენდობა იმ უწყებებს, რომლებიც სავარაუდოდ მონაწილეობდნენ ჟურნალისტის გატაცებაში. დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, ძალოვანი უწყებების მძევლები არ გახდნენ და მათ ინიციატივას მხარი დაუჭირონ:

“ევროპული საქართველო უერთდება ევროპარლამენტის შეშფოთებას აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით და მათ მიღებულ რეზოლუციას. ჩვენ შინაგან საქმეთა მინისტრი და სუს-ის უფროსი დავიბარეთ პარლამენტში, მაგრამ ისინი არ გამოცხადდნენ. ვთვლით, რომ აუცილებელია ამ საქმის დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად გამოძიება, ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად. ამიტომ ვაყენებთ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს,” – განაცხადა ოთარ კახიძემ.

დღეს, 15 ივნისს  ევროპარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე შემუშავებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა.  რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ ევროპარლამენტი მიესალმება ქართული მხარის მხრიდან საქმეზე გამოძიების დაწყებას, თუმცა აღნიშნულია, რომ ქვეყანამ  ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მუხთარლის საქართველოში გაუჩინარებისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შესაძლო არალეგალური გადაყვანის საქმე გამოიძიოს.

იმ შემთხვევაში კი, თუ აფგან მუხთარლის გატაცებაში ქართული მხარის ჩართულობა გამოვლინდება, ეს იქნება ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულების სულისკვეთების, მისი ღირებულებების და პრინციპების დარღვევა. ევროპარლამენტარები მსგავსი გამოძიების დაწყებისკენ აზერბაიჯანულ მხარესაც მოუწოდებენ.

ამასთანავე, ევროპარლამენტი შეახსენებს საქართველოსა და აზერბაიჯანს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს და მოუწოდებს ქართულ მხარეს, უზრუნველყოს მუხთარლის ოჯახის წევრების დაცვა. ამასთანავე, ევროპარლამენტი მოუწოდებს აზერბაიჯანს, გაათავისუფლოს მუხთარლი, საქართველომ კი, ევროპარლამენტარების თქმით, უნდა უზრუნველყოს, რომ მუხთარლი საქართველოში საკუთარ ოჯახს დაუბრუნდეს.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, 19:00 საათზე თბილისში საკუთარმა მეგობრებმა ნახეს. მან დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში, ამის შემდეგ ის თბილისში აღარავის უნახავს. აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით წაუყენეს, ესენია “კონტრაბანდა”, “საზღვრის უკანონო გადაკვეთა” და “პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა”. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი