შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის მიერ ქალის შესაძლო ცემის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, 15 ივნისს ძველი თბილისის სამმართველოში შეტყობინება შევიდა იმის თაობაზე, რომ თბილისში, ვარდების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს შორის ჩხუბი მოხდა.
შსს-ს ამბობს, რომ ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, 1996 წელს დაბადებული ი.ლ. დახვდათ, რომელსაც სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა.
“პოლიციელების დანახვისას ი.ლ. აგრესიული გახდა, სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მათთან თანამშრომლობასა და სამედიცინო დახმარების გამოძახებაზე უარი განაცხადა”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიციამ ი.ლ. წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 177-ე მუხლების თანახმად დააკავა.
“ადვოკატის პოლიციის განყოფილებაში მისვლის შემდეგ ი.ლ-მ განაცხადა, რომ იგი მის კოლეგა ქალბატონს არ უცემია, არამედ დაზიანებები სხეულზე სამართალდამცველებმა მიაყენეს. ი.ლ. ამჯერად სამედიცინო დახმარებაზე დათანხმდა, რის შემდეგაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ა.ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდება”,- ნათქვამია განცხადებაში.
ვარდების მოედანზე მომხდარ ჩხუბის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
შსს ავრცელებს ვიდეომასალას, რომელიც ორ ქალს შორის ჩხუბს ასახავს, თუმცა ჩვენთვის უცნობია, ვინ არიან აღნიშნული პირები. შსს-ს ცნობით, ვიდეო მათ ერთ-ერთმა მოქალაქემ მიაწოდა.