ახალი ამბები

ივანიშვილი: მარგველაშვილი ნაწყენია ობიექტურად

14 მარტი, 2013 • 920
ივანიშვილი: მარგველაშვილი ნაწყენია ობიექტურად

“ძალიან არ მომეწონა ამ პროცესში საზოგადოების ჩართულობა, მათ შორის, არც ჩვენი გუნდის. ნახეთ, როგორ ერთ მუშტად შეიკრნენ “ნაციონალები”, უტიაშვილიც გაჩნდა იქ და სხვებიც”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

ივანიშვილის თქმით, ყველაზე დიდი ძალისხმევა მან გიორგი მარგველაშვილთან დაკავშირებით დახარჯა, რომ დაეთანხმებინა მინისტრობაზე, რადგან მას ეს თანამდებობა პრინციპულად არ უნდოდა. ივანიშვილი ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილი ნაწყენია:

 

“პარლამენტის განათლების კომიტეტსაც კი ხმა არ ამოუღია, თითქოს მარტო ერთი კაცის ბრძოლა იყო ეს… მარგველაშვილი ნაწყენია ობიექტურად… ფეისბუქზეც არ აფიქსირებდა საპარლამენტო უმრავლესობა პოზიციას.”

 

პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას მოუწოდა, მეტად ჩაერთონ აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებულ პროცესებში. მისი თქმით, კანონი ყველასთვის ერთნაირად უნდა აღსრულდეს:

 

“კანონი ყველასთვის კანონი უნდა იყოს, ყველასთვის ერთნაირად უნდა აღსრულდეს კანონი, თუკი ეს სახელმწიფოა და ასე მიაჩნიათ ჩვენს ოპონენტებს. ოპონენტებს იმიტომ ვუწოდებ, რომ ბენდუქიძე ერთ-ერთი იდეოლოგია წინა ხელისუფლების და ამას არც მალავს ეს კაცი”.

 

ივანიშვილის თქმით, წინა ხელისუფლების დროს იყო “პრივილეგირებული კლანი” და მათთვის ცალკე კანონები იწერებოდა. მისი თქმით, არსებობს კითხვები, თუ როგორ აღმოჩნდა კახა ბენდუქიძე საქართველოში სხვადასხვა ობიექტის მფლობელი სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად. მისი თქმით, ის თავადაც შესწრებია ფაქტს, როდესაც სააკაშვილმა ბენდუქიძეს გულისწყრობით მიმართა ტელეფონით, რომ საქართველოში ყველა კარგი შენობის დაპატრონება სწორედ ბენდუქიძეს სურდა.

 

ივანიშვილმა მოუწოდა სტუდენტებსაც, რომ არ მოემსახურონ “ვიღაცის იდეოლოგიას” და “არ ითამაშონ სხვისი თამაში”:

 

“მარგველაშვილი არის საჩვენებელი მინისტრი ჩვენი. ის მაშინვე შეხვდა სტუდენტებს… სტუდენტები განიხილება თავისუფლებისკენ სწრაფვის სიმბოლოდ და ვიღაცის იდეოლოგიას და ინტერესებს არ უნდა მოემსახურონ… ჩვენ არ გვეშინია მიტინგების, მიტინგების ეშინია სააკაშვილს”.

 

მისი თქმით, არც ერთი სტუდენტი არ დაზარალდება:

 

“გამოსავალი არის იმაში, რომ კანონი უნდა იყოს ყველასთვის ერთი და მისაღები.”

მასალების გადაბეჭდვის წესი