ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი აცხადებს, რომ თბილისმა და ბაქომ უნდა ჩაატარონ სწრაფი და გამჭვირვალე გამოძიება აფგან მუხთარლის საქმეზე. მისი თქმით, თუ საქართველო და აზერბაიჯანი ამ საქმეზე ყველა და საბოლოო ინფორმაციის მიწოდებას არ უზრუნველყოფენ, სამომავლო პარტნიორობის თემაზე ბევრი კითხვის ნიშნები გაჩნდება.
“ჩვენ და განსაკუთრებით აზერბაიჯანის მოსახლეობას სჭირდება დემოკრატია, პარტნიორობა დაფუძნებული ღირებულებებზე და არა ამის ილუზია”, – თქვა აუსტრევიჩუსმა ევროპარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, სადაც მუხთარლის საქმეზე მომზადებულ რეზოლუციის პროექტს განიხილავენ.
მისი თქმით, მუხთარლი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
“დაუყოვნებლივი და სწრაფი გამოძიება უნდა უზრუნველყონ საქართველომაც და აზერბაიჯანმაც. ბაქომ და თბილისმა უნდა ითანამშრომლონ გამოძიებაში. ჩვენ უნდა მივიღოთ ყველა და საბოლოო ინფორმაცია ამ საქმეზე. წინააღმდეგ შემთხვევაში სამომავლო პარტნიორობაზე ბევრი ეჭვი გაჩნდება”, – თქვა ევროპარლამენტარმა.