ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში არასამთავრობოები აბორტის დაშვებას მოითხოვენ

15 ივნისი, 2017 • 4942
აფხაზეთში არასამთავრობოები აბორტის დაშვებას მოითხოვენ

დაახლოებით ათი არასამთავრობო ორგანიზაცია სოხუმში ხელს აწერს მიმართვას, რომლითაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტისგან აბორტის სრული აკრძალვის საკანონმდებლო რეგულაციის გაუქმებას მოითხოვენ.

აფხაზური მედიის ცნობით, ქალთა საინიციატივო ჯგუფმა სოციოლოგიური კვლევა ჩაატარა, – “ვცდილობთ ვაჩვენოთ, რომ ცალმხრივი ხედვა ასეთ პრობლემაზე დაუშვებელია”, – ამბობენ ორგანიზაციის წარმომადგენლები.

აფხაზურ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომლებიც აბორტის სრული აკრძალვის საკანონმდებლო რეგულაციის შეცვლას ითხოვენ, არის ორგანიზაცია “კიარაზა”, “აფხაზეთის ქალთა ასოციაცია, “აფხაზეთის დედათა მოძრაობა მშვიდობისა და სოციალური სამართლიანობისთვის” და ა.შ.

სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სადაც, როგორც ირკვევა, 809 ადამიანმა, მათ შორის 663-მა ქალმა მიიღო მონაწილეობა, 85% მხარს არ უჭერს აბორტის სრულ აკრძალვას.

დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ბატალ კაცია მიიჩნევს, რომ ცვლილებები კანონში –  სამედიცინო ჩვენებით დაიშვას აბორტი, აუცილებელია. მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც კანონით აიკრძალა აფხაზეთში აბორტი, იყო შემთხვევები, როდესაც ბავშვი დაბადებისთანავე დაიღუპა, ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარება სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა. დღევანდელი რეგულაციით, აფხაზეთში აბორტი მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ სამედიცინო დასკვნით, ნაყოფი უკვე მკვდარია. იმ შემთხვევაში კი, როდესაც ქალმა იცის, რომ შესაძლოა დაბადებისთანავე დაიღუპოს მისი შვილი, იძულებულია არ შეწყვიტოს ორსულობა.

ამასთან, აფხაზეთის ჯანდაცვის უწყების მონაცემით, აბორტის აკრძალვას აფხაზეთში შობადობაზე გავლენა არ მოუხდენის.

აფხაზეთის დემოგრაფიული მდგომარეობა იყო ის პირველადი მიზეზი, რისთვისაც დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებმა 2016 წლის  დასაწყისში აბორტის სრულ აკრძალვას დაუჭირეს მხარი. თუმცა დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, 2017 წლის მაისში  აფხაზი დეპუტატები აბორტის კვლავ დაშვებაზე ალაპარაკდნენ. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი და ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ალხაზ ჯინჯოლია აცხადებს, რომ “ჯანდაცვის შესახებ” კანონში, აბორტის აკრძალვის ნაწილში ცვლილებები აუცილებელია.

აბორტის აკრძალვის შესახებ მსჯელობა აფხაზეთში კანონის მიღებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე გინეკოლოგებმა შეშფოთება გამოთქვეს. მათი განცხადებით, სამედიცინო ჩვენებების შემთხვევებში აბორტის აკრძალვა კრიმინალურ აბორტებს გამოიწვევდა. აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის მაშინდელმა ჯანდაცვის მინისტრმა ანზორ გოოვმა კი განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო აბორტის წინააღმდეგია, მაგრამ გათვალისწინებული უნდა იყოს ისეთი სამედიცინო მდგომარეობა, რომლის დროსაც აბორტი გარდაუვალია. ამის მიუხედავად, ეს პოზიცია პარლამენტარებს არ გაუზიარებიათ.

აბორტის სრული აკრძალვის შემდეგ  ექიმები აფხაზეთში და თავად ის ქალები, ვისაც უშუალოდ შეეხო აბორტის გაკეთების საჭიროება, ყვებოდნენ ნეტგაზეთთან, რომ კანონმა აბორტის სრული აკრძალვის შესახებ სიტუაცია ყველა კუთხით კიდევ უფრო გაართულა.

გალი; 2017; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

გალი; 2017; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი